ძალადობის ბრალდებაზე, „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას საქმეში საზოგადოებრივი დამცველის ადვოკატი სულხან კომახიძე ჩაერთო.
სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას მონაწილეობის გარეშე გრძელდება.
აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებულ სხდომაზე პროკურატურა უგულავასთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს. როგორც სხდომის დაწყებამდე სახაზინო ადვოკატმა განაცხადა, ჯერ სხდომის გადადების მოთხოვნით მიმართავს სასამართლოს, შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი, სულხან კომახიძე უგულავას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს.
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული სხდომა 16:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა პროცესზე დაცვის მხარე არ გამოცხადდა, რის გამოც გიგი უგულავას აღკვეთის ღონისძიებაზე სხდომა 19:00 საათამდე გადაიდო.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ 11 დეკემბერს „ფეისბუქში“ დაწერა, რომ მას და გოკა გაბაშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ. მომხდართან დაკავშირებით იმავე დღეს უგულავა და გაბაშვილი შსს-ში გამოიკითხნენ.
აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე გიგი უგულავას ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინა, გოკა გაბაშვილი კი, დაზარალებულადაა ცნობილი.