გიგი უგულავა - სხვა მინისტრებთან შედარებით, დავით სერგეენკო უკეთესი იყო
სხვა მინისტრებთან შედარებით, დავით სერგეენკო უკეთესი იყო, საზოგადოებისთვის ისეთი გამაღიზიანებელი და დამამცირებელი არ იყო, როგორც მაგალითად ღარიბაშვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან ცუდი მთავრობა გვყავს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.
როგორც გიგი უგულავამ აღნიშნა, შვიდი წლის განმავლობაში სერგეენკომ იწვალა, წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული ინფრასტრუქტურა გადაიბარა, საყოველთაო ჯანდაცვა გამოაცხადა, რითაც ბევრმა ადამიანმა ისარგებლა, თუმცა, საყოველთაო ჯანდაცვით სერგეენკომ ბიუჯეტის ის უდიდესი შავი ხვრელი გააჩინა, რომელიც ახლა დამოკლეს მახვილივით აწევს.
„სწორედ ამიტომ სერგეენკო იძულებული გახდა, საყოველთაო ჯანდაცვა საყოველთაო აღარ ყოფილიყო. როცა „ქართული ოცნება“ გამოდის და საყოველთაო ჯანდაცვაზე ღაღადებს, ეს ჯანდაცვა აღარ არის საყოველთაო. ხალხს ატყუებენ. რაც შეეხება მოტივაციებს, ყველაფერზე შეიძლება ადამიანმა იმარჩიელოს, გარდა იმისა, თავში რა უდევს ბიძინა ივანიშვილს, რა მომენტში არ მოეწონა მართლაც თევზივით პატიოსანი კაცი.
უფრო ღრმა კრიზისში შევდივართ, რადგან ივანიშვილი იმ წრეს სულ უფრო ავიწროვებს, საიდანაც მინისტრები გამოჰყავს. ეს არის პირადი ექიმები. ახლა ახალ მინისტრად კვლავ საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი ინიშნება, პროფესიით სტომატოლოგი. სერგეენკოც საჩხერის საავადმყოფოს დირექტორი იყო, მისი პირადი ექიმი იყო. როგორც ჩანს, ახლა პირად სტომატოლოგს დაგვინიშნავს. ისე გამჭვირვალე შპს-დ გადავიქეცით, სადაც ივანიშვილი თავის პირად მომსახურე პერსონალს გვინიშნავს და ამით საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
დავით სერგეენკო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძე ინიშნება, რომელიც საჩხერის რაიონული საავადმყოფოს დირექტორია.