დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
დავით სერგეენკო ადასტურებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს

დავით სერგეენკო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, განცხადებას ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად გააკეთებს.

ამასთან, როგორც სერგეენკომ განაცხადა, ამ გადაწყვეტილებას წინ კონსულტაციები უძღოდა.

„გვექნება საშუალება, რომ პრემიერთან ერთად გავაკეთებთ განცხადებას ამის შესახებ, თუმცა ეს არ არის მოკლევადიანი გადაწყვეტილება და ამას ხანგრძლივი კონსულტაციები უძღოდა წინ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამასთან, მისი თქმით, ის „ქართული ოცნების“ გუნდში რჩება.

„მე დავრჩები გუნდში, რადგან ეს გუნდი ჩემთვის არის იმ ღირებულებების მატარებელი, რომელიც ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი ექიმის ინსტინქტისთვის, არის ყველაზე ძვირფასი. სწორედ ამ გუნდის გადაწყვეტილებამ განაპირობა ათეულობით ათასი გადარჩენილი სიცოცხლე. ასე რომ, მე არსად მივდივარ, ვრჩები გუნდში და ეს არის ერთადერთი ჩემი ხედვა, რომ ვიმუშაო ამ გუნდთან ერთად“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას 2012 წლის ოქტომბრიდან იკავებდა.