გიგი უგულავა - სენატორების წერილზე გიორგი გახარიას პასუხი მაინტერესებს, ესეც „ფრონტერასთან“ არის დაკავშირებული?
გიგი უგულავა - სენატორების წერილზე გიორგი გახარიას პასუხი მაინტერესებს, ესეც „ფრონტერასთან“ არის დაკავშირებული?

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა აცხადებს, რომ სენატორების, ჯეიმს რიშისა და ჯინ შაჰინის წერილთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების პასუხი აინტერესებს.

მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებამ გააცნობიეროს უფსკრული, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას, ზღაპრებს იგონებს.

როგორც უგულავა ამბობს, მას სენატორების განცხადებაზე პრემიერ გიორგი გახარიას, დეპუტატ გურამ მაჭარაშვილის, თბილისის მერის, კახა კალაძის პასუხები აინტერესებს.

„ალბათ, სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის რიშისა და შაჰინის წერილი ნახეთ. მე უფრო მაინტერესებს „ქართული ოცნების“ კომენტარები, მაგალითად, გურამ მაჭარაშვილის, რომელიც კონგრესმენებისა და სენატორების ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავს. მაინტერესებს გიორგი გახარიას პასუხი, რომელიც გუშინ ნახევარი საათი „ფრონტერაზე“ გველაპარაკებოდა. ბატონო გიორგი, ესეც „ფრონტერა“ არის? ესეც „ფრონტერასთან“ არის დაკავშირებული, როდესაც სასამართლოებზე ლაპარაკობენ, როდესაც პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოებზე საუბრობენ, როდესაც პოლიტიკურ დევნაზე, პოლიტიკური ოპონენტების ცემაზე, გალახვაზე და „დაპადიეზდებებზე“ ლაპარაკობენ, როდესაც არჩევნების ჩაგდებაზე საუბრობენ, ესეც „ფრონტერა“ არის? როგორ შეიძლება, გყავდეს ხელისუფლება, რომელსაც ერთი სული აქვს, კამერასთან მოიტყუოს და გაიქცეს, ან სად არის კალაძე, არ უთქვამს ჯერ, გამოექანონ მთაწმინდიდან სენატორებიო? ანდაზა მახსენდება – უნამუსოს აფურთხებდნენ და ის კი იძახდა, წვიმა საიდან მოდისო“, – განაცხადა უგულავამ.

მისი თქმით, ხელისუფლების საქმე სწორედ ამ გამონათქვამის მსგავსად არის.

„გამოვლენ და კიდევ რაღაც ზღაპრებს მოიგონებენ, იმის ნაცვლად, გააცნობიერონ უფსკრული, რომლის წინაშეც ქვეყანას აყენებენ“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს რიში და კომიტეტის წევრი ჯინ შაჰინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართავენ.