გიგი უგულავა - როგორც ჩანს, ხვალიდან ბატონი ჭიჭინაძე იქნება დეპუტატი ვანისა და ხონის მაჟორიტარული ოლქიდან
„ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველოს“ კანდიდატი პარლამენტის შუალედურ არჩევნებში გიგი უგულავა პირობას დებს, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატს, რომელიც არჩევნებში იმარჯვებს, ორი დარჩენილი წელიწადი პენსიაზე ჯდომის საშუალებას არ მისცემს.
უგულავა აცხადებს, რომ სოფლებში მას მეტი მხარდამჭერი ჰყავდა. უგულავა საკუთარ მხარდამჭერებს ნდობისთვის მადლობას უხდის.
„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ვანელსა და ხონელს, ვინც არჩევნებში მიიღო მონაწილეობა. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა მათ, ვინც მხარი დამიჭირა, მენდო და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მათი ნდობა გავამართლო.
მთელ რიგ სოფლებში ჩვენ გავიმარჯვეთ და სამწუხაროდ, ქალაქებში „ქართული ოცნების“ ადმინისტრაციული რესურსია მობილიზებული – ძირითადად ამათ ხარჯზე ახდენს უკვე მერამდენე წელია „ქართული ოცნება“ არჩევნებში მანიპულირებას. ამას ემატება ძალიან სამწუხარო და საგანგაშო რამ, რომ ბოლო ორ დღეში ჩამოდის ძალიან ბევრი შავი ჯიპი ძალიან ბევრი ფულით და ხდება ყველაზე ამაზრზენი რამ – მანიპულირება ყველაზე უფრო გაღატაკებული მოსახლეობით.
ამის ერთადერთი პრევენცია არსებობს, რომ ჩვენ უფრო მეტი უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ჩვენ უფრო მეტი ვიქნებით და ძალიან მისასალმებელია ის, რომ ჩვენ, მაგალითად ვანში ორჯერ უფრო მეტი ხმა ავიღეთ, ვიდრე რამდენიმე თვის წინ. გაუმჯობესებულია ჩვენი მონაცემები ასევე ხონშიც“, – აღნიშნა უგულავამ.
უგულავას თქმით, ხონელებისა და ვანელების გვერდით ყოველთვის დარჩება.
„ამასთანავე, როგორც ჩანს, ხვალიდან ბატონი ჭიჭინაძე იქნება დეპუტატი ვანისა და ხონის მაჟორიტარული ოლქიდან.
მე პირადი პასუხისმგებლობა ავიღე ამ ორ რაიონზე. ამიტომ, მას ვაძლევ პირობას, რომ ეს ორი დარჩენილი წელიწადი ის არ იჯდება პენსიაზე. მას მოუწევს ვანელ და ხონელ პენსიონერებზე ზრუნვა. მას მოუწევს აქაური სოციალურად დაუცველი მოსახლეობაზე ზრუნვა. ის ვერ იქნება ფორმალური მაჟორიტარი, როგორიც ჰყავს დანარჩენ რაიონებს. ვანურად და ხონურად რომ ვთქვა, გავატყავებ მას, როგორც რწყილს და არ გავატან ქონს. ყველაფერს ვიზამ იმისთვის, რომ აქაური ცხოვრება გაუმჯობესდეს და ადამიანებმა იგრძნონ გაუმჯობესება.
მე ყოველთვის დავრჩები ხონელებისა და ვანელების გვერდით. ჩემთვის ეს იყო უმნიშვნელოვანესი კამპანია. მე მათ ნდობას ყოველთვის გავამართლებ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილი ხმების მიხედვით, ვანისა და ხონის 54-ე საარჩევნო ოლქში გამართულ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გივი ჭიჭინაძე ლიდერობს, ხოლო მეორე ადგილზე „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველოს“ კანდიდატი გიგი უგულავაა.