ჩვენ დავინახეთ ძალიან არასწორი განცხადება საპატრიარქოსი, ვხედავთ, რომ ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი სპეკულირებენ ეკლესიით, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ გუშინ მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ადამიანს აქვს აზრის გამოხატვის უფლება და ის დაცულია ყოველგვარი დისკრიმინაციისგან.
„თუ გვსურს, შევდგეთ ცივილიზებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ, სადაც ადამიანებს სახელმწიფო სცემს პატივს და იცავს კანონებს, ყველა ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება და დაცულია ყოველგვარი დისკრიმინაციისგან. აქ უნდა დავსვათ წერტილი და არავითარი მაგრამ. ეს მაგრამ არ უნდა თქვას პირველ რიგში ხელისუფლებამ, არ უნდა ვთქვათ ჩვენ, საზოგადოებამ, რადგან საფრთხე მართლაც რეალურია. ჩვენ დავინახეთ ძალიან არასწორი განცხადება საპატრიარქოსი, ვხედავთ, რომ ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი სპეკულირებენ ეკლესიით. სინამდვილეში ძალიან სამარცხვინოა, ჩემთვის ძალიან მტკივნეულია პიროვნულად, როცა ვხედავ, რომ იოანე ოქროპირის ეკლესიას ესენი იცავენ და წარმოადგენენ, მოძალადეები, დამცინავები, რომლებიც მზად იყვნენ, უმწეო ადამიანები გაეგლიჯათ“, – განაცხადა უგულავამ.
მისი თქმით, ამას არანაირი კავშირი აქვს ქრისტიანობასთან.
„ამას კავშირი არ აქვს ქრისტესთან და სახარებასთან და ამ კონტექსტში უაღრესად სამარცხვინო და საგანგაშო იყო მეუფე იაკობის განცხადება. ღვთის სიტყვის დამცველი მტერსაც სცემს პატივს, ამას ეფუძნება სახარება და ქრისტიანული ცივილიზაცია. ეს არის ქრისტიანობა და არა ის, რასაც ვასაძე და მისი მეგობრები ქადაგებენ, ძალადობას, გაუტანლობას. ეს არის პირდაპირ რუსული ნარატვი. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რომლისთვისაც სულ ერთი არ არის ეკლესიის ბედი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი ეკლესია არ დაემსგავსოს რუსეთის ეკლესიას, რომელიც არის მხოლოდ ძალაუფლების და იდეოლოგიის მსახური და არა ადამიანებისა და ღმერთის“, – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი.
მისი შეფასებით, ეს საფრთხე გუშინ ძალიან კარგად გამოჩნდა.
„ეკლესიამაც კარგად უნდა გააცნობიეროს, გარეთ, მის მიღმა ვინ არის მათი სახეები, ილია ჭავჭავაძე თუ ლევან ვასაძე. არ უნდა დავუთმოთ არც ერთი ტრიბუნა, ესენი არ არიან ეკლესიის სახეები, ესენი არიან ფულით გაერთიანებული ადამიანები“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.
ამასთან, მან გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება გააკრიტიკა.
„სრულიად სამარცხვინო და გულისამრევი იყო სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი განცხადება. მე ყველას პრეზიდენტი ვარ მაგრამ… არავითარი მაგრამ. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი მოძალადეს და მსხვერპლს შორის ტოლობის ნიშანს სვამს, ეს არის კატასტროფული სიგნალი, კონსტიტუციას არ სჭირდება მაგრამ, მას სჭირდება შესრულება პირველ რიგში ხელისუფლებიდან და ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც მას არღვევს, კონსტიტუციას მორგებულია მხოლოდ თავისთვის და ყველა, ნებისმიერი ტიპის განსხვავებული ადამიანი გამოცხადებული ჰყავს მეორეხარისხოვან მოქალაქედ“, – განაცხადა უგულავამ.
მისი შეფასებით, ხელისუფლებას პოზიტიური პასუხისმგებლობა აქვს და არამხოლოდ ვალდებულება, რომ დაპირისპირებული მხარეები განაცალკეოს კონკრეტულ მომენტში.
„მას აქვს პრევენციის ვალდებულება. როდესაც იმუქრება და პირდაპირი საფრთხეა დღეს, რაც წავიკითხე ვასაძის განცხადებაში, ის ახლა უნდა იჯდეს და განმარტებებს აკეთებდეს. მეტსაც გეტყვით, იმ მუქარის გამო, რაც მან თქვა და გააკეთა, მისი ადგილი დღეს არის წინასწარ პატიმრობაში“, – განაცხადა უგულავამ.
გუშინ საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს. „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების აქციაზე მისვლამდე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი იყო „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქცია არ გაემართათ. ორ პარალელურ აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე გამწვავდა. დააკავეს 28 პირი.
მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა ტერიტორია დატოვეს და განაცხადეს, რომ დაგეგმილი კვირეულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორშაბათიდან განახლდება.
ამასთან, დღეს ვიდეომიმართვა გაავრცელა ლევან ვასაძემ და განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო სამოქმედო გეგმაზე ხვალ „ვერის ბაღში“ ისაუბრებს.
გუშინ განვითარებულ მოვლენებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა. „მე ვარ ყველას პრეზიდენტი, რაც გულისხმობს იმას, რომ ვარ ყველა ადამიანის პრეზიდენტი მიუხედავად, მათი სექსუალური და რელიგიური ორიენტაციისა. ჩემთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა და მიმაჩნია, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს დისკრიმინირებული, თუმცა არ ვეთანხმები დაპირისპირების პროვოცირებას არც ერთი მხარის მხრიდან. ამ ქვეყანას ეყოფა ის დაპირისპირებები, რაც აქვს სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე. არ გვჭირდება გარედან მოტანილი, დაკოპირებული, ახალი დაპირისპირება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.