ლევან ვასაძე აცხადებს, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო სამოქმედო გეგმაზე ხვალ ვერის ბაღში ისაუბრებს
ლევან ვასაძე აცხადებს, რომ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო სამოქმედო გეგმაზე ხვალ ვერის ბაღში ისაუბრებს

ბიზნესმენი ლევან ვასაძე „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო სამოქმედო გეგმაზე ხვალ ვერის ბაღში ისაუბრებს. ლევან ვასაძე ამის შესახებ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომელიც დღეს გაავრცელა.

ვასაძის თქმით, მეგობრებთან ერთად ხვალ, ვერის ბაღში, 20:00 საათზე ისაუბრებს, თუ როგორ იმოქმედებენ მომდევნო კვირის განმავლობაში. ვასაძემ კიდევ ერთხელ დააკონკრეტა, რომ ეპატიჟება მამაკაცებს, ხოლო ქალებსა და ბავშვებს სახლში დარჩენას ურჩევს. „იქ კაცების გასაკეთებელი საქმეა“, – ამბობს ვასაძე ვიდეოში.

ლევან ვასაძე მიმართავს სახელმწიფოს, რომ არ მისცემს პოლიციის კორდონების ჩაყენების უფლებას.

„ჩვენ არ მოგცემთ კორდონების ჩაყენების უფლებას. სადაც უნდა იყოს – კინოთეატრში, სკვერში თუ ტყეში, ყველგან მივაკითხავთ, ყველა კორდონს გავარღვევთ და წაგლეკავთ. როგორ ვიზამთ ამას, ხვალ შევთანხმდებით“, – აცხადებს ვასაძე.

ლევან ვასაძე ამბობს, რომ „თბილისი პრაიდი“ ქართულ სახელმწიფოებრიობას უქმნის საფრთხეს.

„თუ ჩვენ ამ წუნკლებს, პოლიტიკოსების ჩათვლით, ჩავატარებინებთ რამე საჯარო ღონისძიებას მომავალ კვირას, ჩვენ შეგვიძლია, დავემშვიდობოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან შერიგების ყოველგვარ პერსპექტივას. ჩვენს რეპუტაციას მთელ კავკასიაში – ჩეჩნებთან, დაღესტნელებთან, ყარაჩაელებთან, ჩერქეზებთან, ყაბარდო-ბალყარელებთან, ოსებთან, რუსებთან, ყველასთან, ვინც გვესაზღვრება – თურქებთანაც, ირანელებთანაც, ყველასთან, ვინ ჩვენს გარშემო არის და რისი ცენტრიც ჩვენ უნდა გავხდეთ.

ჩვენ შეგვიძლია, დავემშვიდობოთ ქართულ სახელმწიფოებრიობას. საბოლოოდ, ისინი გაიტანენ თავისას და საქართველო აღარ იქნება, რასაც არ დავუშვებთ“, – აცხადებს ლევან ვასაძე.

გუშინ საპატრიარქომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მთავრობას მოუწოდა, არ დაუშვას ე.წ. გეი პრაიდის ჩატარება. ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დააანონსეს. „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების აქციაზე მისვლამდე ადგილზე ბიზნესმენი ლევან ვასაძე, გურამ ფალავანდიშვილი და სასულიერო პირები მივიდნენ. კონტრაქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი იყო „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს აქცია არ გაემართათ. ორ პარალელურ აქციაზე სიტუაცია რამდენჯერმე გამწვავდა. დააკავეს 28 პირი.

მოგვიანებით, „თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა ტერიტორია დატოვეს და განაცხადეს, რომ დაგეგმილი კვირეულის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მთავრობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორშაბათიდან განახლდება.