გიგა ბოკერია - თბილისის მასშტაბით მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესი დაიწყო
ოპოზიციამ თბილისის მასშტაბით მაჟორიტარ კანდიდატებზე შეთანხმების პროცესი დაიწყო, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები შეუძლებელია, შესაბამისად, ოპოზიცია ვალდებული იყო, ყველა სცენარი ჰქონოდა.
„თბილისის მასშტაბით მაჟორიტარებზე დალაგების პროცესი დაიწყო. ეს გუშინ უკვე აქტიურად დაიწყო და გაგრძელდება. რაც შეეხება მთლიანად ქვეყანაში, ამოცანა იქაც არის, რომ სადაც საჭიროა, ივანიშვილის მორიგი კლოუნი დამარცხდეს იმ ოლქში პირველივე ტურში, ჩემი აზრით, დალაგდება, ეს პროცესი დაწყებულია და აუცილებლად გაგრძელდება. მოლაპარაკებები შეუძლებელია. ოპოზიცია ვალდებულია, ყველა სცენარი ჰქონოდა ისედაც და ამიტომაც ეს პროცესი გიგი უგულავას დაჭერამდე იყო დაწყებული, გიგი უგულავას ინიციატივითაც და იმიტომაც დაიჭირეს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისი შეფასებით, ეს არის რაციონალური და საღი აზრით მოქმედება და თუ ხელისუფლება გონს მოეგება, ქვეყნისთვის კარგია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, დამარცხდება.
„როდესაც პოლიტიკურად ფეხქვეშ მიწა ეწვით და ქვეყნის გარედან ზეწოლაა, თუ ამის ფონზე გონს მოეგებიან, ქვეყნისთვის კარგი იქნება. სხვა შემთხვევაში დამარცხდება და შეეგუოს ძალაუფლების დაკარგვას მშვიდად. ჯერჯერობით ამის წინაპირობა არ გვაქვს და ამოვდივართ იქიდან, რომ არსებულ ისტერიკაში და აგონიაში ასლან აბაშიძის კურსით გააგრძელებს სვლას. ასეთ ვითარებაში საპროტესტო მშვიდობიან და მწვავე მოძრაობასთან ერთად, აუცილებელია, ამ გათვლაზე დაყრდნობა, შეთანხმება ყველა საკვანძო ადგილზე, რომ აღარ დავუტოვოთ შესაძლებლობა, რაც ძალადობასთან და მოსყიდვასთან ერთად გამოიყენა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, როცა ერთ პოლიტიკურ ძალასთან დარჩა და თავისი პროპაგანდის შედეგად გათიშა ამომრჩეველთა ნაწილი თამაშიდან. ეს არ მოხდება, ვეღარ იზამს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა შეხვედრა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში იმართება.