გიგა ბოკერია - სუს-ის აუდიოჩანაწერი თუ ფაბრიკაცია არ არის, ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას
ოპოზიციონერი დეპუტატი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ თუ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი, სადაც უწყების ცნობით, მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს, ავთენტურია და ფაბრიკაცია არ არის, ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას.
გიგა ბოკერიას თქმით, ჩანაწერი და მოვლენების განვითარება არ სცემს პასუხს კითხვებს, რომელიც იმ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არსებობს, რომელსაც ფატალური შემთხვევა მოჰყვა.
„მე არაფერს ვაყენებ ავტომატურად კითხვის ნიშნის ქვეშ. ზოგადად, ფონი არის მძიმე ხელისუფლების მიმართ, ამიტომ ვაკეთებ ამ დათქმას. ჩანაწერი თუ ავთენტურია, ეს სერიოზულად მძიმე სურათია და ამას ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები უნდა მოჰყვეს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დღეს განაცხადეს, რომ გამოვლინდა მალხაზ მაჩალიკაშვილის განზრახვა ტერაქტის ორგანიზების გზით სოსო გოგაშვილისა და მისი ოჯახის წევრების მკვლელობის თაობაზე.
ამასთან, სუს-მა გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, უწყების ცნობით, მალხაზ მაჩალიკაშვილი ძმისშვილთან ტერაქტის მომზადებაზე საუბრობს.