გიგა ბოკერია - სიამოვნებით ვაღიარებ ბრალდებას, რომ მე და ჩვენი გუნდი ყველა მოქალაქის თავისუფლების დაცვის იდეის მატარებელი ვიყავით
ოპოზიციონერი დეპუტატი გიგა ბოკერია „ქართული მარშის“ ლიდერის სანდრო ბრეგაძის შეფასებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემქმნელები „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობაა“.
„იმ ბრალდებას დიდი სიამოვნებით ვაღიარებ, რომ მე და ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვიყავით ყველა მოქალაქის თავისუფლების დაცვის იდეის მატარებელი. ამ მიმართულებით ბევრი შეცდომა გვქონდა, მაგრამ ეს ღირებულება მთავარი იყო. განსაკუთრებით იმ შეცდომების გააზრების ფონზე, რომელიც ჩვენ მოგვივიდა, როცა ხელისუფლებაში ვიყავით“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
სანდრო ბრეგაძემ დღეს განაცხადა, რომ „ქართულ მარშს“ სრული მობილიზება აქვს საქართველოს მასშტაბით, რათა არ დაუშვას ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება. ამასთან, ბრეგაძემ „ევროპული საქართველო“ და “ნაციონალური მოძრაობა“აღნიშნული ფილმის შემქმნელებად მოიხსენია.
ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ [And Then We Danced] პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.