გიგა ბოკერია - საქართველოში კრიზისი განიმუხტება, თუ გათავისუფლდებიან მელია, რურუა და ვისაუბრებთ, როგორ მივდივართ ვადამდელ არჩევნებამდე
გიგა ბოკერია - საქართველოში კრიზისი განიმუხტება, თუ გათავისუფლდებიან მელია, რურუა და ვისაუბრებთ, როგორ მივდივართ ვადამდელ არჩევნებამდე

„ევროპული საქართველოს“ ლიდერ გიგა ბოკერიას განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა.

მისივე თქმით, მიშელს ოპოზიციური სპექტრის გზავნილი გააცნეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო. ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად, ევროკავშირი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამ რანგის თანამდებობის პირისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ოპოზიციური, დემოკრატიული სპექტრის მთლიანი შემადგენლობისგან მოსმენა, პატარა ნიუანსებს თუ არ ჩავთვლით, ფუნდამენტურად ერთი გზავნილის, რომ კრიზისი საქართველოში განიმუხტება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური დევნა შეწყდა. ანუ, პოლიტიკური პატიმრების – მელიას და 8 მარტის შეთანხმებიდან (რომელიც ასევე ევროკავშირის შუამავლობით იქნა მიღწეული და დარღვეული იქნა ივანიშვილის რეჟიმის მიერ) რურუას გათავისუფლება და დაჯდომა საუბრისთვის, როგორ მივდივართ ვადამდელ, თავისუფალ, სამართლიან არჩევნებამდე. ეს არის საერთო კონსენსუსი და ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მას ჩვენი მხრიდან მოესმინა როგორც დეტალები, ისე არგუმენტები. მის ნაცვლად არ ვისაუბრებ, ეს არასწორია, თავად იტყვის თავის გზავნილს. ერთადერთი, რაც შემიძლია ამ შეხვედრიდან გამომდინარე  ვთქვა, არის, რომ თუ ვინმეს ჰქონდა ილუზია, ყურადღება თავისუფალი სამყაროსი, ამ შემთხვევაში ევროკავშირის, ეპიზოდური იყო და გადაივლის, შემდეგ აღარ იქნება ყურადღება, ასე ნამდვილად არ არის და ეს ვიზიტი არის ამის დასტური“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ოპოზიციის წარმომადგენლებს ევროკავშირის ოფისში შეხვდა.

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში, შარლ მიშელმა პირველი შეხვედრა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართა. შეხვედრა გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ასევე, დაგეგმილია შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.