გიგა ბოკერია - საპროტესტო ენერგიას, რომელიც ვნახეთ რუსთაველზე, ქვეყანაში ცვლილებების მხარდამჭერ პოლიტიკურ ენერგიად გარდაქმნა სჭირდება
საპროტესტო ენერგიას, რომელიც ვნახეთ რუსთაველზე, ქვეყანაში ცვლილებების მხარდამჭერ პოლიტიკურ ენერგიად გარდაქმნა სჭირდება, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ბოკერიას თქმით, უკვე ჩავლილი მოვლენების ფონზე მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტის შეჯამება, თუ რამ მოიტანა ის შედეგი და წარმატება. გიგა ბოკერიას განმარტებით, შედეგი მოიტანა რუსთაველის გამზირზე მდგომი საზოგადოების მხრიდან მკაფიო გზავნილმა და საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო რეაქციამ.
„ერთია პუტინისტური რეჟიმის მავნებლური ნაბიჯების შეჩერება და მეორეა ქვეყნის რეალური წინსვლა. პირველი შესაძლებელია ასეთი ეფექტური პროტესტით, მეორე შეუძლებელია ხელისუფლების შეცვლის გარეშე. გეოპოლიტიკური მოსაზრებებით რომც მიგვეღო კანდიდატის სტატუსი ან მივიღოთ მომავალში, რაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი განაცხადი ქვეყნისთვის, თუ ჩვენ არ გვეყოლა პროდასავლური, ანუ ეროვნული ინტერესების დამცველი ხელისუფლება, ეს არ გვიშველის. ვერ გავხდებით ნატო-ს წევრი, რეალურად ვერ დავუკავშირდებით და დავუახლოვდებით ევროკავშირს, რეალურ გარდაქმნას ვერ მოვახდენთ ჩვენი ქვეყნის შიგნით ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმის პირობებში. ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს გზავნილი ახლა იყოს ყველა პოლიტიკური თუ სამოქალაქო ძალის მხრიდან მკაფიოდ დაფიქსირებული. იმ საპროტესტო ენერგიას, რომელიც ვნახეთ რუსთაველზე, სჭირდება გარდაქმნა ქვეყანაში ცვლილებების მხარდამჭერ პოლიტიკურ ენერგიად. ამას სჭირდება იმ პრობლემის გადაწყვეტა, რაც გვანახა პროტესტმა. პოლიტიკურ პარტიებს აქვთ პრობლემა ნდობის, ლეგიტიმაციის, კონტაქტის საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილთან და ეს უნდა იყოს დღეს ფოკუსი, რადგან პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის გარეშე ცვლილება ვერ განხორციელდება. მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საერთაშორისო პარტნიორების მკაფიო გზავნილები. ახლა პოლიტიკური ძალების განსაკუთრებული პასუხისმგებლობის საკითხია, რომ კვლავ არ მივიღოთ ჩვენი საუკეთესო მეგობრებისგან მცდარი გზავნილები, პირდაპირ რომ ვთქვა, ისევ გადღაბნილი გზავნილები დეპოლარიზაციაზე, გაურკვეველ დიალოგზე, ანუ ილუზია რეალური შედეგებისა ამ რეჟიმის შეცვლის გარეშე“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.