გიგა ბოკერია - პროტესტი ქვეყანაში გაგრძელდება, სანამ ამოცანა არ შესრულდება
მიუხედავად იმისა, დღეს რა შეთავაზება მოიტანეს, სანამ ამოცანა არ შესრულდება, მანამდე გაგრძელდება პროტესტი ქვეყანაში, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„მმართველი გუნდი ჯერ ამბობდა, საერთოდ არანაირი მოლაპარაკების საჭიროება და შესაძლებლობა არ არისო, მერე განსახილველი არაფერი არ არისო, არაფერი არ შეიცვლებაო. ახლა ამბობენ, რომ რაღაც მოიტანეს და არ ვიცი, რა მოიტანეს.
ფაქტია, სერიოზული წნეხის ქვეშ არიან, იმსახურებენ ამასაც და უარეს წნეხსაც. ეს წნეხი გაგრძელდება, ვიდრე არ მიიღწევა შედეგი, რომელსაც ეს სამარცხვინო ლიდერი და მისი კლოუნები დაჰპირდნენ საზოგადოებას გავრილოვის ღამის დაღვრილი სისხლის შემდეგ – ეს არის ჩვენი არჩევნების პროპორციულობა. ახლა რაღაც წინადადება მოიტანეს, შევხედავთ და მოგახსენებთ საზოგადოებას. იმის მიუხედავად, დღეს რა მოიტანეს, სანამ არ შესრულდება ამოცანა, მანამდე გაგრძელდება პროტესტი ქვეყანაში. იქნება საერთაშორისო წნეხი და იზოლაცია ამ რეჟიმის, და პერსონალურად ივანიშვილის“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რიგით მეოთხე შეხვედრა მიმდინარეობს.