გიგა ბოკერია - ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას აძლიერებს, ჩვენი გრძელვადიანი მშვიდობის შანსებს ამყარებს
საპარლამენტო უმცირესობის წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსის საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის გადმოცემა ძალიან დადებითი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
როგორც ჟურნალისტებს ბოკერიამ განუცხადა, ტერიტორიულ თავდაცვაზე გადასვლის პროცესი 2011 წელს ამერიკისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ დაიწყო.
„ამ პროცესში ანტისატანკო ტექნიკის კომპონენტი მნიშვნელოვანი იყო და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა. სამწუხაროა, რომ ჩვენს დღევანდელ მთავრობას ხედვა არ აქვს, თავდაცვისუნარიანობა როგორ გააძლიეროს. რაც შეეხება რუსეთს, ჩვენთვის საზომი რუსეთის რეაქცია კი არ უნდა იყოს, უნდა გავძლიერდეთ, რომ რუსეთის მხრიდან აგრესიის საფრთხე შევამციროთ.
ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს თავდაცვისუნარიანობას აძლიერებს, ჩვენი გრძელვადიანი მშვიდობის შანსებს ამყარებს“, – დასძინა გიგა ბოკერიამ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საქართველოსთვის ანტისატანკო სარაკეტო კომპლექსების Javelin -ის გადაცემის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა.