„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაიკითხა. როგორც ბოკერიამ დაკითხის შემდეგ განაცხადა, ჯერ კიდევ 2014 წელს, როცა აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაიწყო, გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი და დეტალურად დაკითხვის შესახებ ვერ ისაუბრებს.
ბოკერიას თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ახალი არაფერი გაუგია და როგორც ის ამბობს, რატომ დაიკითხა ამ საქმეზე განმეორებით, მისთვის გაუგებარია.
„ახალი ვერ გავიგე ამ გამოკითხვის პროცესიდან. ფორმალური ვალდებულება არის, რომ გრიფი ადევსო, ამიტომ დეტალებზე არ ისაუბროვო. თუმცა შემიძლია, გითხრათ, რომ არაფერი ისეთი იქ არ თქმულა, რაზეც შეიძლება, ვისაუბროთ, რომ გრიფი საიდუმლო შეიძლება, ჰქონდეს. თუ რამე არის ისეთი, სენსიტიური იმ საქმიანობიდან, რასაც უშიშროების საბჭო ეწეოდა ჩემი მდივნობის დროს, ახლა, იმ სენსიტიურ რაღაცებზე ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს არც ერთ შემთხვევაში ჩემგან ინფორმაცია არც ექნებათ იმაზე მეტი, რაც დოკუმენტებშია“,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება გიგა ბოკერიას მიერ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს, კერძოდ, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლო ფაქტს.