გიგა ბოკერია - ზოგიერთ ოლქში ერთიანი კანდიდატების წარდგენა აუცილებელია, ვინც ამის წინააღმდეგ მუშაობს, შესაძლოა, ადგილი გვქონდეს სახიფათო პოლიტიკურ სიხარბესთან
„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლების დამარცხებას საკვანძო ოლქებში და განსაკუთრებით თბილისში, ერთიანი კანდიდატები სჭირდება.
„მეც და ჩვენი გუნდიც – „ევროპული საქართველო“ „თავისუფალი დემოკრატები“, ვთვლით, რომ საკვანძო არის ზოგიერთ ოლქში და განსაკუთრებით თბილისში კოორდინირება და ერთიანი კანდიდატებით წარდგენა, რათა შევამციროთ რისკები ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან. ამ მარცხთან შეგუებასთან დაკავშირებით როგორ მოიქცევიან, რათა ნაკლები საფრთხით დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი, რომ პირველივე ტურში იყოს ძლიან მკაფიო ვითარება, ეს არის საკვანძო და ვინც ამის წინააღმდეგ მუშაობს, ზოგ შემთხვევაში გულწრფელად, ტაქტიკურად ოღონდ, სერიოზულად ცდება და ზოგ შემთხვევაში შესაძლოა, ადგილი გვქონდეს ძალიან სახიფათო პოლიტიკურ სიხარბესთან. ვინ რომელია და ვინ როგორია, ჩემი აზრით, ეს მალე გაირკვევა, რადგან ეს დისკუსია ახლა მიმდინარეობს“, – განაცხადა ბოკერიამ.
რაც შეეხება კითხვას, „ლელო- საქართველოსთვის“ აპირებს, თავისი კანდიდატები დააყენოს, რათა პარტიული ხმები არ დაიკარგოს, ბოკერიამ უპასუხა, რომ ურბანულ ადგილებში და თბილისში არავის ხმა არ იკარგება.
„ზოგ შემთხვევაში ეს არის ტაქტიკური შეცდომა. ურბანულ ადგილებში და თბილისში არავის ხმა არ იკარგება. თან უნდა გავითვალისწინოთ, რომ მეტ-ნაკლებად პროპორციულად განაწილდება ეს ერთიანი კანდიდატები. სადღაც ერთი კარგავს პოტენციურად ხმებს, თუმცა მე ამას არ ვიზიარებ. მაგრამ რომც წავყვე ამ ლოგიკას, სადაც მეორე კარგავს, ეს ხომ კომპენსირდება, თუმცა ეგ არ არის საკვანძო. ვიმეორებ, ურბანულ ცენტრებში, განსაკუთრებით თბილისში ამ ტიპის კოორდინაცია მხოლოდ მატებს ხმას ჯამში ოპოზიციას და რისკებს გვიმცირებს მთელ ქვეყანას, რომელიც დაკავშირებულია ივანიშვილის მარცხთან შეგუებასთან.
ვიმეორებ, ვინც ამის წინააღმდეგ გამოდის ან გულწრფელად ცდება და მინდა, რომ დისკუსია გვქონდეს ამაზე, ან ზოგ შემთხვევაში შეიძლება, ადგილი გვქონდეს სახიფათო პოლიტიკურ სიხარბესთან მომავალთან დაკავშირებით. ეს კი, ბევრად უფრო სერიოზული რამეა და ჩვენ -„ევროპული საქართველო“ ვართ მოწადინებული, რომ ეს დისკუსია სწრაფად გაგრძელდეს და ვითარება სწრაფად გამოიკვეთოს“,- განაცხადა ბოკერიამ.