გიგა ბოკერია - იურიდიულმა დეპარტამენტმა დაწერა დასკვნა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება
მივიღეთ პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა, რომ ჩვენი პროექტი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, იურიდიულმა დეპარტამენტმა დაწერა დასკვნა, რომ კანონპროექტი განხილვისთვის მზადაა.
„ჩვენ ვნახეთ უტიფარი რეაქცია ხელისუფლების, რომ განხილვაც კი არ შეიძლება და სირცხვილია ე.წ. გერმანული მოდელის, გაგზავნაც კი სირცხვილია ეუთო-ს კომისიაში.
დღეს ჩვენ მივიღეთ ამ ხელისუფლების პირობებში არსებული იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა, რომ ეს პროექტი კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. თქვენ იცით, რომ იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციაა ყველა კანონთან მიმართებაში, თუ იქ აშკარაა ან მეტნაკლებად აშკარაა კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა, ისინი დასკვნას წერენ და ბიუროს წარუდგენენ, რომ წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან და არ შეიძლება ამის განხილვა. თუ პატარა ეჭვი მაინც აქვთ ხოლმე, მკაფიოდ წერენ, რომ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რაც ჩვენ არ მოგვწონს ხოლმე. ამაზე არაფერი მსგავსი არ დაწერეს. დაწერეს, რომ მზად არის განხილვისთვის, ანუ კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება მათი შეხედულებით“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.