გიგა ბოკერია აცხადებს, რომ გაერთიანებასთან დაკავშირებით საჯაროდ და არასაჯაროდაც მიმართეს „ახლის“ და „ლელოს“ ხელმძღვანელობას, თუმცა მათგან მხოლოდ დუმილი ისმის
გიგა ბოკერია აცხადებს, რომ გაერთიანებასთან დაკავშირებით საჯაროდ და არასაჯაროდაც მიმართეს „ახლის“ და „ლელოს“ ხელმძღვანელობას, თუმცა მათგან მხოლოდ დუმილი ისმის

გაერთიანებასთან დაკავშირებით საჯაროდ და არასაჯაროდაც მივმართეთ „ახლის“ და „ლელოს“ ხელმძღვანელობას. სამწუხაროდ, მათგან მხოლოდ დუმილი გვესმის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, მოლაპარაკებების პროცესი ჩიხშია შესული.

„ორი კვირის წინ „ევროპულმა საქართველომ“ საზოგადოებას გააცნო ჩვენი ხედვა. ჩვენ მიგვაჩნდა და მიგვაჩნია, რომ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების საუკეთესო გზა იყო პროდასავლური ოპოზიციის შიგნით იმ ტიპის სიმძიმის შექმნა, რომელიც გააქარწყლებდა ივანიშვილის რეჟიმის პროპაგანდას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სააკაშვილისა და კეზერაშვილის ერთობის მთავარ ალტერნატივად წარმოჩენის თაობაზე. ეს ხედვა ჩვენ გავაცანით ჩვენს პარტნიორ კონკურენტ პარტიებსაც. ამის შემდეგ ჩატარდა კვლევა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჩვენი კონკურენტი პარტიების მონაწილეობით, „ევროპული საქართველოს“ მონაწილეობის გარეშე. ამ კვლევამ დამატებით არგუმენტები შესძინა ჩვენს ხედვას. კვლევამ, რომლის მონაცემებსაც გაგაცნობთ დეტალურად, დაადასტურა, რომ რამდენიმე ოპოზიციური ცენტრის ჯამური შედეგი საგრძნობლად უკეთესია ეგრეთ წოდებული ერთიანი სიის შედეგზე.

კვლევამ ასევე აჩვენა „ევროპული საქართველოს“ მზარდი რეიტინგი და ის, რომ, სწორი კამპანიის შემთხვევაში, ჩვენ ბარიერის პრობლემა არ გვექნება. ამის მიუხედავად, ახლაც მიგვაჩნია, რომ ყველაზე სასარგებლო, სწორი გზა არის სწორედ იმ ტიპის ცენტრების შექმნა, რომლებიც, ჯამში, მეტ ხმას მოუტანს ოპოზიციურ ამომრჩეველს. ამ ვითარებაში ამავე კვლევამ გვაჩვენა, რომ საუკეთესო სინერგია ჰქონდა „ევროპული საქართველოს“, „ახლის“ და „ლელოს“ გაერთიანებას, რომელიც ორ-ნახევარი პროცენტით მეტ შედეგს დებდა, ვიდრე ამ პარტიების ცალკე აღებული ჯამი. ამავე დროს, ოპოზიციური ამომრჩევლის 60 პროცენტზე მეტი მხარს არ უჭერს ერთიან სიას. ამ კვლევის შედეგის გაცნობამდე და შემდეგ, არა მარტო საჯაროდ, არამედ არასაჯაროდაც მივმართეთ ამ პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელობას. საწყისი კომუნიკაციის შემდეგ, სამწუხაროდ, ამ პარტიების ლიდერებისგან მხოლოდ დუმილი გვესმის. ვისმენთ სატელევიზიო ზოგად განცხადებებს, მაგრამ არსად მიმდინარეობს, ფაქტობრივად, ჩიხშია შეყვანილი რეალური მოლაპარაკების პროცესი, რომელშიც ბევრი რამ არის სწრაფად გასარკვევი, რათა ამომრჩეველმა ნათლად დაინახოს სურათი.

არ ვიცით, რა არის ამის მიზეზი, არ გვინდა, ვისპეკულიროთ, თუმცა ფაქტია, რომ ჩვენთვის გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი იყო და არის მკაფიო დისტანცირება, გამიჯვნა და დაგმობა იმისი, რასაც ვხედავთ სააკაშვილ-კეზერაშვილის ალიანსში. ვგულისხმობ ბელადომანიას, კერპთაყვანისმცემლობას, რომელიც ჰგავს „ქართული ოცნების“ სტილს და ჩრდილოვანი ოლიგარქიული მართვის მცდელობას. ამისდა მიუხედავად, სრულ უპასუხისმგებლობად მიგვაჩნია მათი მხრიდან მხოლოდ სატელევიზიო განცხადებების გაკეთება. კითხვებზე, რატომ არ მიმდინარეობს ეს პროცესი და რატომ შევიდა ჩიხში, მათ უნდა გასცენ პასუხი. აუცილებლად ჩავთვალეთ, რომ საზოგადოებას სცოდნოდა ჩვენი ხედვა, რა ამოცანას ვისახავდით, რატომ იყო ეს ამოცანა სწორი და როგორ დაადასტურა ამ ამოცანის სისწორე იმ კვლევამ, რომელიც ჩატარდა „ევროპული საქართველოს“ მონაწილეობის გარეშე“, – განაცხადა გია ბოკერიამ.