გიგა ბოკერია - ჩემი გუნდის შეცდომა იყო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ძალიან გვიან შემოღება
გიგა ბოკერია - ჩემი გუნდის შეცდომა იყო ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ძალიან გვიან შემოღება

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საქართველოში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გვიან ამოქმედება წინა ხელისუფლების შეცდომა იყო.

ჟურნალისტებთან საუბარში გიგა ბოკერია მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შალვა შავგულიძის ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი არის ერთადერთი გზა, რათა მოქალაქეებს საფუძვლიანი განცდა ჰქონდეთ, რომ მართლმსაჯულების განხორციელებაში თვითონ მონაწილეობენ.

„ერთადერთი მექანიზმია, რომ მხარეებს შორის რეალური შეჯიბრობითობა იყოს. ის ქვეყნები, რომლებიც ჩვენთვის მაგალითია დამოუკიდებელი სასამართლოს თვალსაზრისით, მოქალაქეთა ნდობა და ეს ტრადიცია ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე დაყდნობით შეიქმნა. საუბარი, რომ ხალხს ვერ ვენდობით, კომპეტენტურები არ არიან, აბსურდია, რადგან ნაფიცი მსაჯულები იურიდიულ საკითხებს არ საზღვრავენ, ისინი რწმენის ამბავს საზღვრავენ. შინაგან რწმენაში პროფესიონალიზმი არ არსებობს. ჩემი ხელისუფლების, ჩემი გუნდის შეცდომა იყო ამ ინსტიტუტის ძალიან გვიან შემოღება, მაგრამ ეს მოხდა. გვიან შემოვიღეთ, მაგრამ მისი გაფართოების გეგმა იყო. „ქართულმა ოცნებამ” კი, პირველივე მარცხის შემდეგ ეს ყველაფერი დააკონსერვა. ირაკლი ღარიბაშვილმა წაგებული პროცესის შემდეგ თქვა, რომ ეს წინა რეჟიმის ბოროტი გადმონაშთიაო. ეს თქვა, რადგან პროკურატურამ საქმე წააგო”, – განაცხადა ბოკერიამ.

დეპუტატის ცნობით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის საგნობრივი განსჯადობის არეალის გაფართოების თაობაზე პარლამენტს ერთობლივი ინიციატივა წარედგინება. ინიციატივა შალვა შავგულიძეს ეკუთვნის.