გიგა ბოკერია - კანდიდატურებთან დაკავშირებით აუცილებელია პარტიებს შორის კოორდინირება, მოლაპარაკებების ბოლო ფაზაში ვართ
გიგა ბოკერია - კანდიდატურებთან დაკავშირებით აუცილებელია პარტიებს შორის კოორდინირება, მოლაპარაკებების ბოლო ფაზაში ვართ

ჩვენი ინიციატივა იყო, რომ აუცილებელია პარტიებს შორის კოორდინირება, რაც გულისხმობს თბილისსა და თბილისის გარეთ შეჯერებულ მერობისა და თავმჯდომარის კანდიდატებს, ზოგ შემთხვევაში მაჟორიტარებსაც, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხების ირგვლივ მოლაპარაკებები დასრულების ფაზაშია და გადაწყვეტილებები მალე გახდება ცნობილი.

„ძალიან დაგვიანდა, მაგრამ მოლაპარაკებების ბოლო ფაზაში ვართ და იმედი მაქვს, დღეს იქნება გაცხადებული პირველი ეტაპი ამ შეთანხმებების, ამას მალე გაიგებთ.

კოორდინირება აუცილებელია, რათა სხვადასხვა ადგილზე კოორდინირებულმა კანდიდატებმა გაიმარჯვონ. თქვენ თბილისზე ხართ ორიენტირებული და ჩვენ მთელ საქართველოზე. ჩვენი კანდიდატები იქნებიან თბილისში, თბილის გარეთ, საკვანძო რაიონებში. ყველგან გვაქვს ამბიცია, მაგრამ საღი აზრიც გვაქვს, რომ ივანიშვილის რეჟიმისთვის მოსაგებად უნდა ვიყოთ გონივრული კომპრომისებისთვის მზად. წინა არჩევნებისგან განსხვავებით, ამჯერად იმედი მაქვს, მთელ საქართველოში შეჯერდება კანდიდატები და ეს იქნება ერთ-ერთი ფაქტორი ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების. გადაწყვეტილებას მალე გაიგებთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.