გიგა ბოკერია - 2012 წელს რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმების დროს, საქართველოს სანქცირება განიხილებოდა? ეს კითხვა ნებისმიერმა საღმა ადამიანმა უნდა დასვას, გასათვალისწინებელია კონტექსტი და მომენტი
პუტინმა ეს ნაბიჯი გადადგა, რათა დაეხმაროს ამ რეჟიმს მავნებლურ, ცრუ პროპაგანდაში, ვითომ რუსეთთან დაალაგეს ურთიერთობა და საფრთხე არ გვაქვს, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას.
მისივე თქმით, ამას ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს ისტორიული შანსი ეწირება.
„ვიდრე ხელისუფლებაში არიან, მათი განცხადებები, გადადგმული და არგადადგმული ნაბიჯები, ყველაფერი ერთად ხელს უწყობს საქართველოს იზოლაციას დასავლეთისგან, რუსული საფრთხის წინაშე დაუცველად დატოვებას. ყველამ ვიცით, რომ პუტინმა ეს ნაბიჯი გადადგა, რათა დაეხმაროს ამ რეჟიმს მავნებლურ, ცრუ პროპაგანდაში, ვითომ რუსეთთან დაალაგეს ურთიერთობა და საფრთხე არ გვაქვს. ეს არის სრული სისულელე, ტყუილი, რასაც, რეალურად, ეწირება საქართველოს ისტორიული შანსი, ვიყოთ თავისუფალი სამყაროს დაცული, თავისუფალი ქვეყანა, ვიყოთ ნატო-ს წევრი, ამერიკის პარტნიორი და ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
კითხვაზე, წინა ხელისუფლების პერიოდში რატომ აღადგინა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უვიზო მიმოსვლა, ბოკერიამ აღნიშნა:
„ძლივს თავისუფალი სამყარო, დასავლეთი, ამერიკა, ევროკავშირი არის სწორ განწყობაზე რუსული საფრთხის მიმართ, განსხვავებით წლების წინანდელი მდგომარეობისგან და ამ ისტორიულ კონტექსტში, ვითარებაში ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც გვაშორებს ამ სამყაროს, ჩვენს ამოცანას, პირდაპირ ეროვნული ინტერესების ღალატია“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
კიდევ ერთ კითხვაზე, როგორ ფიქრობს, 2012 წელს არ იყო სავიზო რეჟიმის გაუქმება ღალატი, ბოკერიამ განაცხადა, რომ მაშინ ამის გამო საქართველოს სანქცირება არ განიხილებოდა და განსხვავებული ვითარება იყო.
„მაშინ ამის გამო საქართველოს სანქცირება განიხილებოდა? ეს კითხვა ხომ ნებისმიერმა საღმა ადამიანმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს. გასათვალისწინებელია კონტექსტი და მომენტი, რა მომენტზეა საუბარი, რა ნაბიჯზე. რუსეთი ყველა მხრიდან არის სანქციების ქვეშ და საქართველო მის მოკავშირედ უნდა დაფიქსირდეს? ოდესმე ასე იდგა საკითხი საქართველოს უახლეს ისტორიაში? არასოდეს. ახლა, როცა ყველაზე დიდი შანსი გვაქვს, გავაღწიოთ ამ საფრთხის ჭაობიდან – პუტინისტური რუსეთის, იმპერიული რუსეთის, მაშინ გვყავს ხელისუფლება, როდესაც ასე აყენებს საკითხს. არასოდეს ასე არ დასმულა საკითხი თავისუფალი სამყაროსგან საქართველოს ხელისუფლების მიმართ.
ჩვენ მოგვივიდა უმმძიმესი შეცდომა, როცა არ აღვმოჩნდით აქტიურები და დასავლეთმა დაუშვა შეცდომა, რომ ვერ დაგვინახა, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ნაწილი 90-იანებში. უმძიმესი ფასი გადავუხადეთ, როდესაც მარტოები დავრჩით რუსეთის საფრთხის წინაშე. დემოკრატი ელცინის რუსეთის წინაშეც კი გენოციდი მოგვიწყვეს, მაგრამ არასდროს დამდგარა ასე საკითხი, რომ მოკავშირედ დაგვინახა თავისუფალმა სამყარომ“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.