გია ვოლსკი - საერთაშორისო საზოგადოებაში პრემიერის, მთავრობის პოლიტიკას მაღალი შეფასება იმიტომ აქვს, რომ რაციონალიზმზეა  ორიენტირებული
გია ვოლსკი - საერთაშორისო საზოგადოებაში პრემიერის, მთავრობის პოლიტიკას მაღალი შეფასება იმიტომ აქვს, რომ რაციონალიზმზეა ორიენტირებული

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ვერანაირი სამშვიდობო გეგმა ვერ განვითარდება, თუ რუსეთი ისეთ დესტრუქციულ პოლიტიკას განაგრძობს, რომელსაც აქამდე ეწეოდა.

პირველ არხთან საუბარში გია ვოლსკი პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოებაში გიორგი კვირიკაშვილისა და საქართველოს მთავრობის პოლიტიკას მაღალი შეფასება და ძლიერი მხარდაჭერა იმიტომ აქვს, რომ ის რაციონალურ მიდგომასა და ფეთქებადსაშიშ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.  

„ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, ამ სიტყვების უკან კონკრეტული საგზაო რუკის თაობაზე მოსაზრებები დევს, რომელიც საშუალებას იძლევა, ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საზოგადოებებთან კავშირი არათუ გავწყვიტოთ, არამედ გავააქტიუროთ. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ აფახაზებისა და ოსების საკმაოდ დიდი რაოდენობა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს. ესეც რესურსია, რომელიც ურთიერთობებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ვერანაირი სამშვიდობო გეგმა ვერ განვითარდება, თუ რუსეთი ისეთ დესტრუქციულ პოლიტიკას განაგრძობს, რომელსაც აქამდე ეწევა“, – აღნიშნავს ვოლსკი.

დეპუტატის თქმით, პასუხისმგებლობისკენ მოწოდება შეეხება არა მხოლოდ ქართულ-რუსულ ურთიერთობებსა და არსებულ კონფლიქტს, არამედ მთლიანად საერთაშორისო ინტერესებს.

„პოლიტიკურად სწორი ხედვა გვაქვს, რომელიც სტრატეგიულად შედეგზეა გათვლილი. საერთაშორისო ურთიერთობებში მთავარია, ქართულ მხარეს სწორი პოზიცია, სწორი ხედვა და ამ ხედვას მძლავრი საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონდეს.  როგორ განვითარდება შემდეგ პროცესები, ამას მუშაობა სჭირდება და არა წამოყვირებები, რომელიც სამწუხაროდ, ჩვენს ოპოზიციას ახასიათებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას რთული ვითარების დასაძლევად, ერთობლივად გონივრული ნაბიჯების გადადგმასთან დაკავშირებით მიმართა.