გია ვოლსკი - საოკუპაციო ხაზთან ხნულების გავლება ოკუპაციის ყველაზე ბოროტი გამოვლინებაა
გია ვოლსკი - საოკუპაციო ხაზთან ხნულების გავლება ოკუპაციის ყველაზე ბოროტი გამოვლინებაა

საოკუპაციო ხაზთან ხნულების გავლება ოკუპაციის ყველაზე ბოროტი გამოვლინებაა მას შემდეგ, რაც ხალხი ფიზიკურად გაანადგურეს და სოფლები მიწასთან გაასწორეს,  – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, ეს საქართველოსთვის უმძიმესი საკითხია.

„უნდა გვახსოვდეს, რომ ოკუპაცია მაშინ მოხდა, როცა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მოკავშირე ქვეყნების წინადადებებს, ჩამოყალიბებულ საგზაო რუკას იგნორირება გაუკეთა და ის შეთანხმება დაარღვია, რომელიც ევროკავშირისა და ამერიკის დონეზე იყო მიღწეული. ამან ის უბედურება განაპირობა, რასაც ოკუპაცია ჰქვია. ოკუპაციის გამოვლინება ხნულით იქნება თუ მავთულხლართით, საქართველოსთვის უმძიმესი საკითხია. ეს მავთულხლართი იმ ხაზის გასწვრივ კეთდება, რომელიც სააკაშვილმა 2007 წლის 10 მაისს თავის ბრძანებულებაში განსაზღვრა, როგორც დროებითი საზღვარი სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქთან. ეს კიდევ ერთი დამატებითი შეცდომა იყო, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ დაუშვა. საქართველოსთან მიმართებაში რუსეთის დამოკიდებულება ყველა იმ ღონისძიებაშია ასახული, როლითაც საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთს მიმართავს. ორი გზა გვაქვს – მძლავრი საერთაშორისო ზეწოლა და საქართველოს განვითარება,  მეორე – შეიარაღებული დაპირისპირება“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის ტერიტორიაზე, მავთულხლართებთან რუსმა ოკუპანტებმა ხნული გაავლეს.