გია ვოლსკი - საარჩევნო ბარიერი ორი პროცენტი იქნება თუ სამი, ამაზე პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა ვიმსჯელოთ
გია ვოლსკი - საარჩევნო ბარიერი ორი პროცენტი იქნება თუ სამი, ამაზე პოლიტიკურმა სუბიექტებმა უნდა ვიმსჯელოთ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი არ აკონკრეტებს, „ქართული ოცნება“ აპირებს თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებების იმ რედაქციით მიღებას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უკვე ინიცირებულია.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, მმართველი გუნდი საზოგადოებას ისეთ საკონსტიტუციო ცვლილებებს შესთავაზებს, როგორიც ქვეყანას სჭირდება.

„ეს იქნება ორი პროცენტი თუ სამი, უნდა დავსხდეთ და პოლიტიკურმა სუბიექტებმა ვილაპარაკოთ, რომელი სჯობს, რა რაოდენობის უნდა იყოს ფრაქცია და პოლიტიკური ჯგუფი, რომ ფრაქცია შექმნას. უნდა ვიმსჯელოთ ნებისმიერ საკითხზე, რომელიც არათუ ვალდებულებებს გულისხმობს და რომელსაც მეორე მხარე არ უერთდება, არამედ იმ შეთანხმებებს გულისხმობს, რომელიც საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოხდეს და არა – პოლიტიკური პარტიის ხედვებიდან. ეს ქვეყანა პოლიტიკურ პარტიებს არ ეკუთვნის, ეს არის მოსახლეობის, ხალხის ქვეყანა, რომელსაც პოლიტიკური პარტია ემსახურება და რომელსაც მანდატს ხალხი აძლევს. მანდატით უნდა იმოქმედოს ყველამ და ამ მანდატის შესაბამისად მოქმედებენ თუ არა კონკრეტული პარტიები, ეს არჩევნების დროს გამოჩნდება. საბოტაჟი იმის ინდიკატორია, რომ არანაირი არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში არ შედის. გადაწყვეტილი პასუხი, რომ კორექტირება იქნება თუ ციფრები შეიცვლება, ეს არ არის სწორი, რადგან პარტიის შიდა კონსულტაციების საფუძველზე მხოლოდ დამოკიდებულებები არ შეცვლილა, უნდა გავითვალისწინოთ, სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების აზრი და ამის შემდეგ ვთქვათ, გადაწყვეტილება, რას ვაპირებთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე, პარლამენტში უკვე ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საარჩევნო ბარიერს 5-დან 2 პროცენტამდე ამცირებს. ფრაქციის შექმნისთვის შვიდი დეპუტატის ნაცვლად, ოთხი იქნება საჭირო. ამ ცვლილებებით, ასევე იცვლება გენერალური პროკურორის არჩევის წესიც და მაღალი კვორუმი წესდება.