გია ვოლსკი - კოაბიტაცია სხვა რამეზე გვითხრეს, მაგრამ ჩვენ შეწყალების ინსტიტუტად გადავაქციეთ, რამაც არ იმუშავა
გია ვოლსკი - კოაბიტაცია სხვა რამეზე გვითხრეს, მაგრამ ჩვენ შეწყალების ინსტიტუტად გადავაქციეთ, რამაც არ იმუშავა

კოაბიტაცია ჩვენ სხვა რამეზე გვითხრეს, მაგრამ ჩვენ ის შეწყალების ინსტიტუტად გადავაქციეთ, რამაც არ იმუშავა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“ განაცხადა.

„მაგალითად, გუნდში ბევრი ფიქრობდა, რომ კასრების თემა ასე არ უნდა დამთავრებულიყო. არასამთავრობო ორგანიზაციები დავპატიჟეთ და ეს ჩანაწერები ვაჩვენეთ. პირადად მე ვერ ვუყურე, რადგან იმდენად მძიმე იყო, ვერ გავუძელი. უცხოელებმა უყურეს და ითქვა, მოდით, ეს ყველაფერი დავამტვრიოთ და წარსულს ჩავაბაროთ. კი ბატონო, მაგრამ ამის წარსულში ჩაბარება მარტო შენ ხომ არ უნდა გააკეთო?! როცა დაინახავ, რომ მეორე პოლიტიკური ძალა ამაში არ აგყვება, გიჩნდება აზრი, რომ მე შეცდომა მომივიდა, როცა ამათ დავუთმე და კოაბიტაციაზე გადავედი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამ განცხადებით გია ვოლსკიმ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, იყო თუ არა ყოფილ ხელისუფლებასთან კოაბიტაცია შეცდომა.

როგორც ვოლსკიმ განაცხადა, ვინც ამბობს, რომ გარე ფაქტორი საქართველოსთვის არაფერს ნიშნავს, ის ან ჩვენ გვატყუებს, ან თავს იტყუებს.

„2012 წელს ხელისუფლებაში მოვიდა პოლიტიკური ძალა, რომელსაც პარტნიორი ქვეყნები არ იცნობდნენ, რადგან მასთან ურთიერთობა არ ჰქონიათ. ვსაუბრობ პარტნიორ ქვეყნებზე, რომელთა გადაწყვეტილებებიც პატარა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია. იყო ერთი მხრივ პრეზიდენტი სააკაშვილი და სასამართლოს თემა მთლიანად ამ ადამიანების ჯგუფზე იყო დამოკიდებული. იგივე პროკურატურა, საგამოძიებო სისტემა, ეკონომიკა, ადგილობრივი თვითმმართველობა და ა.შ. იყო ორი გზა. ერთი ის, რომ 2003 წელი აგეღო და ყველას დარეოდი, როგორც ეს სააკაშვილმა გააკეთა და მეორე – ნაბიჯ-ნაბიჯ, პასუხი უნდა ეგოთ ადამიანებს, რომლებმაც დააშავეს.

საბოლოოდ, 187 ადამიანი გასამართლდა, რაც საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ბოლომდე ამოძირკვო ყველაფერი, რამაც ასეთი მძიმე მემკვიდრეობა დაგვიტოვა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ქვეყანაში, სადაც ყავარჯნიანი კაცი „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბოლო გახდა, იმ პარტიას აღარ უნდა ჰქონდეს საშუალება, ამ ქმედებით კიდევ დაგვემუქროს.

„ეს, თითქოს, მიტინგზე გასაჟღერებელი სიტყვაა, მაგრამ სინამდვილეში, სიღრმისეულად რომ ჩავუფიქრდეთ, ეს აქსიომაა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.