გია ვოლსკი - გრიგორი კარასინს გარკვეული სახელმწიფო მოხელის რანგი აქვს, რომელიც საშუალებას აძლევს, რომ დავალებები შეასრულოს
გრიგორი კარასინს გარკვეული სახელმწიფო მოხელის რანგი აქვს, რომელიც მას საშუალებას აძლევს, რომ დავალებები შეასრულოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, კარასინი 2013 წლიდან არის ჩართული მოლაპარაკებებში და ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, რის შესაძლებლობასაც იძლეოდა ფორმატი.
„მოლაპარაკებებში ვინ იქნება წარმომადგენელი მართალი გითხრათ, დიდ ინტერესს არ წარმოადგენს, თუმცა, ფაქტია, რომ კარასინი 2013 წლიდან არის ამ მოლაპარაკებებში ჩართული. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა, რაც შესაძლებელი იყო, რომ იმ ფორმატში გაკეთებულიყო. ვფიქრობ, მიიღეს გადაწყვეტილება არ შეეცვალათ თავისი წარმომადგენელი ამ მოლაპარაკებების ფორმატში. როდესაც საკითხები ეხება ისეთ თემას, როგორიც არის რუსეთის ბაზარზე საქართველოსთვის საკმაოდ მომგებიანი ყოფნის პირობები, რასაკვირველია, მომგებიანია ასეთი ფორმატის არსებობა. რაც შეეხება პოლიტიკურ განზომილებას, ამასთან დაკავშირებით არსებობს ჩამოყალიბებული პოზიტიური აზრი, რომელიც აქვს ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს, აქ ზედმეტი კითხვები არ ისმევა. რაც შეეხება თავად კარასინს, კარასინის დიპლომატიურ მონაცემებზე მე ვერ შევჩერდები, არსებობს ადამიანი, რომელიც წარმოადგენს თავის სახელმწფოს და თავის სახელმწიფოს ინტერესებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან დიალოგს კვლავ გრიგორი კარასინი გააგრძელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ გააკეთა.
ამასთან, ზურაბ აბაშიძე ვარაუდობს, რომ პრაღის ფორმატში კარასინთან მორიგი შეხვედრა ნოემბრის ბოლოს გაიმართება. კითხვაზე, რა მანდატით ჩაერთვება გრიგორი კარასინი ფორმატში მას შემდეგ, რაც ის აღარ იკავებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს, აბაშიძემ აღნიშნა, რომ კარასინი არის ფედერაციის საბჭოს წევრი, სენატორი და მას ქვეყნის ხელმძღვანელობამ დაავალა ამ მისიის შესრულება.