გია ვოლსკი - ელჩის გაწვევა გვაფიქრებინებს, რომ რაღაც გაუგებრობაა, იმედია, კონსულტაციები, რომელსაც ჩაატარებს უკრაინის პრეზიდენტი, სწორედ ამ სურათს წარმოადგენს, მით უმეტეს, ბელარუსიდან არ გაუწვევია ელჩი
გია ვოლსკი - ელჩის გაწვევა გვაფიქრებინებს, რომ რაღაც გაუგებრობაა, იმედია, კონსულტაციები, რომელსაც ჩაატარებს უკრაინის პრეზიდენტი, სწორედ ამ სურათს წარმოადგენს, მით უმეტეს, ბელარუსიდან არ გაუწვევია ელჩი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით შეკითხვები ისმის, რადგან საქართველო ამ ვითარებაში უკრაინის გვერდით დგას, მოქალაქეები აბარებენ სისხლს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, იგზავნება ჰუმანიტარული ტვირთი.

ვოლსკის თქმით, მათ შორის საქართველო არათუ შეუერთდა, არამედ ინიციატორიც იყო საერთაშორისო დონეზე უკრაინის მხარდამჭერი ოფიციალური განცხადებების.

„ითქვა, რომ შეკითხვები ისმის და ისმევა ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით პირველი იმიტომ, რომ ათასობით ჩვენი მოქალაქეა, ვინც სისხლს აბარებს, ათასობით ტვირთი იგზავნება უკრაინაში, ათასობით ადამიანია, ვინც კი უკრაინის გვერდით დგას და პოლიტიკური განსხვავების მიუხედავად, თავის პოზიციას გამოხატავს. უშველებელი რაოდენობაა უკვე დაგროვილი განცხადებების, მათ შორის ოფიციალური განცადებების საერთაშორისო დონეებზე, რომელსაც საქართველო არათუ შეუერთდა, არამედ ინიციატორიც იყო, უკრაინის დელეგაციასთან ერთად მიიღო.

გარდა ამისა, ათასობით ადამიანია, ვინც არის დევნილი და ათასობით ადამიანი, ვინც არის მძევლად ოკუპირებულ ტერიტორიაზე შუბლში დამიზნებული ტანკის ლულით. ასეთ ვითარებაში გაიწვიო ელჩი საქართველოდან, რასაკვირველია, გვაფიქრებინებს, რომ რაღაც გაუგებრობაა და იმედია, რომ კონსულტაციები, რომელსაც ჩაატარებს უკრაინის ხელისუფლება, პრეზიდენტი გაწვეულ ელჩთან, სწორედ ამ სურათს წარმოადგენს. მით უმეტეს, ბელარუსიდან არ გაუწვევია უკრაინის ელჩი. კიდევ ერთხელ გამოვხატავთ სრულ მხარდაჭერას უკრაინელი ხალხის მიმართ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს განაცხადა, რომ უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია.

„დაუყოვნებლივ ვიწვევთ ელჩს საქართველოდან მოხალისეების ხელშეშლისთვის, რომლებსაც სურთ ჩვენი დახმარება და სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიციისთვის“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მოგვიანებით, უკრაინის საელჩოში განაცხადეს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.