გია ვოლსკი - აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება გრძელდება
გია ვოლსკი - აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება გრძელდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება გრძელდება, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტს, სადაც საქართველოსთვის ფინანსური დახმარების გაწევაზეა საუბარი.

მისივე შეფასებით, ამერიკის მხრიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების საუკეთესო პირობებია.

„როცა დახმარებაზეა საუბარი, ამერიკის შეერთებული შტატები სახელმწიფოში შექმნილ ვითარებას ყოველთვის ითვალისწინებს. როცა ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული, მოუსმინეს სახელმწიფო მდივნის ანგარიშს საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ასევე ამერიკულ ინვესტიციებზე იყო საუბარი და ათასგვარი ინსინუაციები კეთდებოდა, თუმცა სახელმწიფო მდივანმა დადასტურა და ალბათ, დამოკიდებულება არც მომავალში შეიცვლება, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება გრძელდება, პროცესი სტაბილურია და ამერიკის მხრიდან ინვესტირებისთვის საუკეთესო პირობებია, რაც ხორციელდება კიდეც საკმაოდ მასშტაბით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კონსოლიდირებული ასიგნებების აქტს, სადაც საქართველოსთვის არანაკლებ 132 025 000 დოლარის ოდენობით ფინანსური დახმარების გაწევაზეა საუბარი.

აღნიშნული კანონი მანამდე აშშ-ის ასიგნებების კომიტეტმა მიიღო, მოგვიანებით კი კონგრესმა დაამტკიცა, რის შემდეგაც ის ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა. კანონი სახელმწიფო მდივანს ავალდებულებს, დოკუმენტის ძალაში შესვლიდან 90 დღის ვადაში, კონგრესის ასიგნებათა კომიტეტს წარუდგინოს ანგარიში საქართველოში „კანონის უზენაესობის და ინსტიტუტების ანგარიშვალდებულების“ შესახებ.

როგორც აღნიშნული კანონის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, სახელმწიფო მდივნის ანგარიშში ასახული უნდა იყოს ინფორმაცია: „საქართველოს მთავრობის დეტალური ქმედებების შესახებ 2020 წლის პირველი იანვრიდან 1.დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, მათ შორის, ბოლო არჩევნებით; 2. კორუფციასთან ბრძოლისა და 3. კერძო სექტორში კანონის უზენაესობის და უცხოური საინვესტიციო კლიმატის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ“.

ამავე აქტის მიხედვით, აშშ კრძალავს დახმარების გამოყოფას იმ ქვეყნების ცენტრალური მთავრობებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას აღიარებენ, ან მათთან დიპლომატიური კავშირები აქვთ.

აღსანიშნავია, რომ კანონის თავდაპირველი ვარიანტი, სახელმწიფო მდივნის ანგარიშიდან გამომდინარე, საქართველოსთვის გამოყოფილი თანხის 15 პროცენტის შეჩერებას ითვალისწინებდა, თუმცა ეს პირობა საბოლოო ვერსიაში არ მოხვდა.