გია ნოდია - ყველაზე კარგი სიტყვები, რომელიც 2019 წელს ახასიათებს, არის სკანდალი და კრიზისი
ყველაზე კარგი სიტყვები, რომელიც 2019 წელს ახასიათებს, არის სკანდალი და კრიზისი, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა, გია ნოდიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„წელი დაიწყო სკანდალით, რომელიც სასამართლოს უკავშირდებოდა. 20 ივნისი, რა თქმა უნდა, იყო განსაკუთრებით დიდი სკანდალი, თუ კრიზისი და შემდეგი, მესამე ასეთივე ნიშანსვეტი იყო უმრავლესობის მიერ პარლამენტში პირობის შეუსრულებლობა. ეს სამი კრიზისი, როგორც წლის მოვლენები, განსაზღვრავს წლის ვითარებას, თუმცა, იყო სხვა მნიშვნელოვანი მოვლენებიც“, – განაცხადა ნოდიამ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გრძნობს თუ არა პოლიტიკური სპექტრი საზოგადოებაში არსებულ მთავარ პრობლემებს და პასუხობს თუ არა ის საზოგადოების მოთხოვნებს ადეკვატურად, გია ნოდიამ განაცხადა, რომ სამწუხაროდ, ვერ ჩამოყალიბდა პოლიტიკური თამაშის წესები, სადაც ასეთ საკითხებზე ცივილური დიალოგი იქნება შესაძლებელი.
„ამ ხელისუფლების პოლიტიკური დისკურსის 70-80% იმაზეა, რომ იმ ოპოზიციას, რომელიც არსებობს, არსებობის უფლება არ აქვს და ის რადარებიდან უნდა გაქრეს. ერთი მხრივ, სულ იმას ამბობენ, ეს ოპოზიცია უნდა გაქრეს და სადაცაა, გავაქრობთო, მეორე მხრივ კი ყველაფერი, რაც საქართველოში და უკვე, მსოფლიოში ხდება, ამ ოპოზიციის ბრალია. თუ ხელისუფლებას დემოკრატიულობის პრეტენზია აქვს, ის ვალდებულია, ოპოზიციის არსებობის უფლება აღიაროს. ხელისუფლების ბევრი მომხრე მაგალითად, კოჰაბიტაციას რაღაც ცუდ სიტყვად მიიჩნევს. კოჰაბიტაცია 2013 წლის ნოემბრამდე გრძელდებოდა და ამის შემდეგ არ ყოფილა, მაგრამ მაინც ისმის, რომ კოჰაბიტაცია ვერ დავამთავრეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპოზიცია ვერ დავამთავრეთ“, – განაცხადა ნოდიამ.
მისი თქმით, სიმახინჯეა, როდესაც არის მოთხოვნა, რომ არსებობის უფლება აღარ აქვს იმ ძალას, რომელიც ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალაა.
გია ნოდიამ ასევე განაცხადა, რომ მისი აზრით, პროპორციული სისტემა უფრო კარგი სისტემა არ არის, მაგრამ კონსენსუსს ეთანხმება, რომ პროპორციული სისტემა უკეთესია, რადგან თუ ადამიანებს ორპოლუსიანობა არ მოსწონთ, პროპორციული სისტემა ამ ორპოლუსიანობის დაძლევის ყველაზე კარგი წამალია.