გია გაჩეჩილაძე - პრინციპულად მინდა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავაკეთო ჩემი გადაცემა, რომელშიც ყველას ინტერესები იქნება ასახული
გია გაჩეჩილაძე - პრინციპულად მინდა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავაკეთო ჩემი გადაცემა, რომელშიც ყველას ინტერესები იქნება ასახული

პრინციპულად მინდა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავაკეთო ჩემი გადაცემა, რომელშიც ყველას ინტერესები იქნება ასახული, – ამის შესახებ მუსიკოსმა, გია გაჩეჩილაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

მუსიკოსმა საქართველოს პირველი არხის გენერალურ დირექტორს, ვასილ მაღლაფერიძეს პირდაპირ ეთერში მიმართა, მის გადაცემას კვირაში თუნდაც, ერთი დღე, სამი საათი დაეთმოს.

„აი, ახლა პირდაპირ ეთერში ვზივარ და მინდა მივმართო თქვენს დირექტორს, ვასიკო მაღლაფერიძეს, რომ სამი საათი მაინც დამითმოს, დღის რომელ მონაკვეთშიც უნდა, მაშინ. თუნდაც, ღამის თორმეტ საათზე იყოს. ამ გადაცემაში ხალხის ინტერესები აისახება, ვინც ითხოვს, რომ მათი ინტერესებიც აისახოს და მე ასეთი გადაცემის გაკეთებას ვაპირებ. უკვე ყველაფერი მოფიქრებული მაქვს და პროექტი დაწერილი მაქვს. მგონი, არ ვარ ქუჩიდან შემოსული ადამიანი, რომ ადამიანები არ მენდობოდნენ“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, სცადა თუ არა მან, საქართველოს პირველი არხის ხელმძღვანელობისთვის კონკრეტული პროცედურების დაცვით მიემართა, გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ამის გაკეთებას აპირებს.

„ვაპირებ, რომ მივმართო. პროექტი მინდა მოვიტანო. ვაპირებ, მივმართო ისე, როგორც წესი და რიგია და პასუხს დაველოდო. უარის შემთხვევაში, არც ეგ არ იქნება პრობლემა, მაგრამ საზოგადოებამ მინდა გაიგოს, რომ საზოგადოებრივი არხიდან უარია და ამ შემთხვევაში წავალ უკვე სხვა, კომერციულ ტელევიზიაში“, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მისი თქმით, საუბარია აბსოლუტურად ყველასთვის და პირველ რიგში, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტზე.

„აქ არავის ლანძღვა-გინება არ იქნება. ეს მართლა ყველას წაადგება – ქვეყანასაც, ხალხსაც, ხვალინდელ არჩევნებსაც და უკეთეს ხვალინდელ დღესაც. იმიტომ, რომ მართლა ყველა ვგრძნობთ, ქვეყანაში რაღაც შესაცვლელია და ასე გაგრძელება აღარ შეიძლება“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

გია გაჩეჩილაძემ ასევე განაცხადა, რომ მას სურს, ლოკაციის ადგილი რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზი იყოს, იყოს ღამის ეთერი, ახალი ხალხის გაცნობა და საუბარი ხვალინდელ დღეზე, როგორ შევქმნათ ისეთი ქვეყანა, რომ ადამიანებს ამ ქვეყანაში ცხოვრების აღარ ეშინოდეთ და საბოლოო ჯამში, ისეთი ქვეყანა მივიღოთ, როგორზეც თითოეული ჩვენგანი ოცნებობს.

შეკითხვაზე, კეთდება თუ არა გადაცემა „დაიცავი საქართველოს“, ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის პლატფორმის სახელით, გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ ეს გადაცემა არც ერთი პლატფორმის სახელით არ კეთდება და ის პირადად მისი პროექტი იქნება.