გია გაჩეჩილაძე - „ნენსკრაჰესი“ რომ აშენებული ყოფილიყო, სვანეთში შედარებით ნაკლები მასშტაბის კატასტროფა იქნებოდა
„ნენსკრაჰესი“ რომ აშენებული ყოფილიყო, სვანეთში შედარებით ნაკლები მასშტაბის კატასტროფა იქნებოდა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა, გია გაჩეჩილაძემ ისაუბრა. გაჩეჩილაძის განცხადებით, მთიან რეგიონებში ჰესებს ელექტროენერგიის გამომუშავების გარდა, მეორე ფუნქციაც აქვთ, რაც წყალდიდობებისა და ზღვარცოფებისგან მოსახლეობის დაცვას უკავშირდება.
„ნენსკრაჰესი“ მომხდართან არაფერ კავშირშია. პირიქით, ჰესი რომ იქ აშენებული ყოფილიყო, შედარებით ნაკლები მასშტაბის კატასტროფა იქნებოდა. რადგან წყალსაცავიან ჰესებს მსოფლიოში 2 მიზნით აშენებენ- ერთი, რა თქმა უნდა, ელექტროენერგიის გამომუშავებაა, მეორე კი მდინარის ნაკადების რეგულირება. როდესაც მთიან რეგიონში ასეთი ტიპის ობიექტი შენდება, მას მეორე დანიშნულება აქვს – ტერიტორია წყალდიდობებისგან და ღვარცოფებისგან დაიცვას”,- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, ნენსკრას ხეობაში მასშტაბური კატასტროფა რამდენიმე ბუნებრივი პროცესის, კონკრეტულად კი წყალდიდობისა და წყალმოვარდნის ერთობლიობამ გამოიწვია.
„რაც ნენსკრას ხეობაში მოხდა, ბუნებრივი პროცესის კონტექსტიდან უნდა განვიხილოთ. რამდენიმე პროცესი ერთმანეთს დაემთხვა. ნენსკრა მყინვარული საზრდოობის მდინარეა. როდესაც მაღალი ტემპერატურაა, მყინვარები დიდი ინტენსივობით დნება, ბზარები უჩნდება და ამ ბზარებში წყალი ძალიან დიდი რაოდენობით გროვდება. შეიძლება მოწყდეს და ღვარცოფი წარმოშვას. თუ ამას ნალექების დიდი რაოდენობა დაემთხვა, პროცესი უფრო მასშტაბური გახდება. ამას თუ კიდევ მდინარის რომელიმე შენაკადზე მეწყრული პროცესი დაემთხვა, ნაკადი გადაკეტა და მერე ის გაირღვა, ძალიან დიდი სიმძლავრის წყალმოვარდნა წარმიშობა, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდება. ნენსკრას ხეობაში ზუსტად ამ მოვლენას ჰქონდა ადგილი. თორემ წყალდიდობა მდინარე ნენსკრასთვის ყოველ ზაფხულს ივლის-აგვისტოში დამახასიათებელია. ამჯერად წყალდიდობას წყალმოვარდნა დაემთხვა და ასეთი მასშტაბური კატასტროფა ამან გამოიწვია”,-აცხადებს გაჩეჩილაძე.
მისი თქმით, მთიან რეგიონებში მნიშვნელოვან ეკოლოგიურ პრობლემას ხეების გაჩეხვაც ქმნის. გია გაჩეჩილაძის ინფორმაციით, 2000 -დან 2017 წლამდე მესტიის რაიონში ტყიანი მასივი 275 ჰექტრით შემცირდა.
„ამ საკითხზე პრემიერმა ძალიან სწორი განცხადება გააკეთა, მაგრამ გარკვეულმა ტელევიზიებმა და ექსპერტებმა რატომღაც, დაამახინჯეს. ფორმულებში, რომლითაც წყალდიდობის პიკი ითვლება, ყოველთვის ტყიანობის კოეფიციენტი შედის. ტყიანობის კოეფიციენტი რაც მეტია, მით ნაკლებია წყალდიდობის სიდიდე. მსოფლიო რესურსების ინსტიტუტი, რომელიც ამერიკაში მდებარეობს, მთელს მსოფლიოში ტყეების მდგომარეობას ყოველწლიურად იკვლევს. საქართველო 2000 წლიდან დეტალურადაა შესწავლილი. სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში ტყეების რაოდენობა 722 ჰექტრით შემცირდა. მესტიის რაიონში 275 ჰექტრითაა შემცირებული, რამაც შემაკავებელი ფუნქცია შეამცირა”,- განმარტავს გია გაჩეჩილაძე
გაჩეჩილაძის განცხადებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ქვეყნის ადგილმდებარეობას უკავშირდება. მისი თქმით, საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 70% , სადაც 3 ათასამდე დასახლებული პუნქტია, ეკოლოგიური კატასტროფების რისკის ქვეშაა.
„სამწუხაროდ, მედიით არ ვრცელდება რეალური სიტუაცია, რაც სინამდვილეში ხდება. პრობლემა იმაშია, რომ საქართველო ეკოლოგიური კატასტროფების თვალსაზრისით, მოწყვლადი ქვეყანაა. ტერიტორიის დაახლოებით 70% ეკოლოგიური კატასტროფების რისკის ქვეშაა. ესაა წყალდიდობა, ღვარცოფი, მეწყერი და ა.შ. ამ ტერიტორიებზე 3 ათასამდე დასახლებული პუნქტია განლაგებული, რის გამოც მსგავს მოვლენებს საქართველოში სისტემატური ხასიათი აქვს. ჩვენ ეკოლოგიური დევნილების რაოდენობაში ჩემპიონები ვართ. საქართველოში 50 ათას ოჯახზე მეტი ეკოლოგიური დევნილია”,- აცხადებს გია გაჩეჩილაძე.