გია გაჩეჩილაძე - "ნაციონალური მოძრაობა" პიარის ფონზე ცდილობს, აჩვენოს, რომ გულშემატკივრობს გარემოს
საპარლამენტო ფრაქცია “მწვანეების” თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძემ კომენტარი გააკეთა, თუ რამ გამოწვია გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე “ახალი საქართველოს” ლიდერ გიორგი ვაშაძესთან მისი დაპირისპირება.
როგორც გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, 2012 წელს “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, ყველა იურიდიულ პირს უფლება ეძლეოდა, თუ ფულს გადაიხდიდა დაენგრია, მთელი ბუნება.
“კანონი 2013 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა, როგორც აბსურდული და კანონსაწინააღმდეგო. კანონის ერთ-ერთი შემოქმედი იყო გიორგი ვაშაძე, რომელიც მაშინ იუსტიციის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. არაკონსტიტუციური კანონი იუსტიციის სამინისტროს გავლით შევიდა პარლამენტში. ამაშია საქმე, კუდზე რომ დავაჭირეთ ფეხი. ეს უბედურება “ნაციონალურმა მოძრაობამ” დაატრიალა, სწორედ ბოლნისისა და დმანისის რაიონში. სწორედ ამაზე საუბარმა გამოიწვია კონფლიქტი. პიარის ფონზე ცდილობენ აჩვენონ, რომ ვითომ ძალიან გულშემატკივრობს გარემოს. პრობლემა ის არის, რომ მაშინდელი გადაწყვეტილებით, მადნეულის კომბინატს აპატიეს ყველა დანაშაული და ამაში გადაახდევინეს 13 მილიონი და რა გააკეთა მადნეულის კომბინატმა, ამაზე იყო დღეს ლაპარაკი, როგორ არის დაბინძურებული იქაურობა”, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტზე დაპირისპირება მოხდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, RMG Gold-ის და RMG Copper-ის შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე და სამინისტროს მიერ მათ გამოსასწორებლად მიცემულ ვადებზე ისაუბრა.
მისი თქმით, კომპანიების, როგორც სალიცენზიო, ასევე სანებართვო საქმიანობის კომპლექსური შემოწმება სახელმწიფომ 2015-2016 წლებში განახორციელა. შემოწმდა ორივე კომპანიის საოპერაციო არეალი, საწარმოების ტერიტორიები, კარიერები, კუდსაცავი, სანაყაროები, მადნის გადამამუშავებელი ქარხანა. გამოიკვეთა ზემოქმედება წყლის რესურსებზე – მდინარეებზე მაშავერა, ფოლადაური და კაზრეთულა, ნიადაგზე და ატმოსფერულ ჰაერზე. გარდა აღნიშნულისა, დარღვევები გამოვლენილია საწარმოს ტერიტორიაზე ნარჩენებით გარემოს დაბინძურების და სხვა მრავალი მიმართულებით.