ლევან დავითაშვილი - რეგიონში განსაკუთრებით მწვავედ დგას RMG Cooper-ის საქმიანობის შედეგად წყლის დაბინძურების საკითხი
ლევან დავითაშვილი - რეგიონში განსაკუთრებით მწვავედ დგას RMG Cooper-ის საქმიანობის შედეგად წყლის დაბინძურების საკითხი

კომპანია RMG Copper-მა 2018 წლის 31 დეკემბრამდე მდინარე კაზრეთულაში  საწარმოს მხრიდან ნებისმიერი დაბინძურება უნდა აღკვეთოს. მდინარე კაზრეთულას დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით ყველა შესაძლო ღონისძიების დაუყოვნებლივ განხორციელება კომპანიას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დაავალა.

კომპანიის საქმიანობაში გამოვლენილ დარღვევებზე დღეს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ისაუბრა.

მინისტრის განმარტებით, კომპანიების RMG Gold-ის და RMG Copper-ის, როგორც სალიცენზიო ასევე სანებართვო საქმიანობის კომპლექსური შემოწმება სახელმწიფომ 2015-2016 წლებში განახორციელა. შემოწმდა ორივე კომპანიის საოპერაციო არეალი, რომელიც საკმაოდ მასშტაბურ სამუშაოებს უკავშირდებოდა. დეტალურად შემოწმდა საწარმოების ტერიტორიები, კარიერები, კუდსაცავისანაყაროები, მადნის გადამამუშავებელი ქარხანა.

ლევან დავითაშვილის თქმით, RMG Cooper-ის საქმიანობის შედეგად გარემოზე ზემოქმედების სანებართვო პირობები  სხვადასხვა მიმართულებით არის დარღვეული.

„საქმიანობის ექსპლუატაციის შედეგად გამოიკვეთა ზემოქმედება წყლის რესურსებზე  – მდინარეებზე მაშავერა, ფოლადაური და კაზრეთულა, ნიადაგზე და ატმოსფერულ ჰაერზე. გარდა აღნიშნულისა, დარღვევები გამოვლენილია საწარმოს ტერიტორიაზე ნარჩენებით გარემოს დაბინძურების და სხვა მრავალი მიმართულებით“, – განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ მასალები, სადაც დეტალური დასკვნებია მოცემული თითოეულ დარღვეულ სანებართვო პირობასთან დაკავშირებით, ბოლნისის რაიონულ სასამართლოს გაეგზავნა. რაიონულმა  სასამართლომ კი, ისევე როგორც სააპელაციომ, კომპანია სამართალდამრღვევად სცნო.

„გამომდინარე იქედან, რომ რეგიონში განსაკუთრებით მწვავედ დგას კომპანიის საქმიანობის შედეგად წყლის დაბინძურების საკითხი, სამინისტროს მიერ დადგენილი გონივრული ვადების ფარგლებში, კომპანიებმა უპირველესად უნდა აღმოფხვრან საოპერაციო არეალების მიმდებარედ არსებული მდინარეების დაბინძურება.  ზედაპირული წყლების დაცვის მიზნით, სამინისტროს მიერ კომპანია RMG Copper-ს დაევალა დაუყოვნებლივ დაიწყოს ყველა შესაძლო ღონისძიების განხორციელება მდინარე კაზრეთულას დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით. კომპანიამ 2018 წლის 31 დეკემბრამდე მდინარე კაზრეთულაში  უნდა აღკვეთოს საწარმოს მხრიდან ნებისმიერი დაბინძურება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, როცა სამინისტრო შეამოწმებს ვალდებულების შესრულების მდგომარეობას, კაზრეთულას დაბინძურების ფაქტები  არ უნდა ფიქსირდებოდეს.

„ეს არის მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ვფიქრობთ, რომ ამ ვადაში მიღწევადია. საუბარია 9-თვიან ვადაზე და ისეთ მასშტაბურ სამუშაოებზე, რაც ამ 9 თვიანი პერიოდისათვის ნამდვილად არ არის მარტივი საწარმოს ფართობისა და საქმიანობის მასშტაბების გათვალისწინებით“, – ამბობს დავითაშვილი.

მისი თქმით, გარდა აღნიშნულისა, მდინარეების ფოლადაურისა და მაშავერას დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით, შესაბამის  დროში გაწერილ ვადებში, ორივე კომპანია  ვალდებულია დაუყოვნებლივ დაიწყოს და ეტაპობრივად (2020 წლის  31 მარტამდე) აღკვეთოს კუდსაცავებიდან და ფუჭი ქანების სანაყაროებიდან ჩამდინარე წყლების შესაგროვებელი სადრენაჟო სისტემისა და გამწმენდი მოწყობილობის/ნაგებობების მონტაჟი. გამწმენდი ნაგებობების მოსაწყობად აუცილებელია, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა.

მინისტრის განცხადებით, კომპანიები სამინისტროს წარმოუდგენენ გამწმენდი ნაგეგობების დეტალურ პროექტებს, რასაც გეოლოგები და ჰიდროლოგები ადგილზე შეისწავლიან, იმისთვის რომ სამომავლოდ წყლის დაბინძურების რისკი თავიდან იქნეს აცილებული.

„კომპანიის მხრიდან ჩასატარებელი სამუშაოების მასშტაბი საკმაოდ დიდია, გამომდინარე ტერიტორიის სიდიდისა, თუმცა ამ შემთხვევაში, სამინისტროს მიდგომა იყო მაქსიმალურად მკაცრი, რათა მოკლე ვადებში აღმოიფხვრას წყლის დაბინძურების პრობლემები რეგიონში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დატოვე კომენტარი