ლევან დავითაშვილი - ოპონენტების მოსაზრება, რომ  RMG Gold-ის და RMG Copper-ის საწარმოო პროცესი შეჩერდეს, ვერ იქნება გაზიარებული 
ლევან დავითაშვილი - ოპონენტების მოსაზრება, რომ  RMG Gold-ის და RMG Copper-ის საწარმოო პროცესი შეჩერდეს, ვერ იქნება გაზიარებული 

ოპონენტების მოსაზრება, რომ კომპანიების RMG Gold-ის და RMG Copper-ის საწარმოო პროცესი შეჩერდეს, ვერ იქნება გაზიარებული, – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ლევან დავითაშვილმა დღეს პარლამენტის  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, RMG Gold-ის და RMG Copper-ის შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე და სამინისტროს მიერ მათ გამოსასწორებლად მიცემულ ვადებზე ისაუბრა. დაბინძურების ფაქტები გამოვლინდა, როგორც წყლის, ასევე ნიადაგის ნაწილში.

მისი თქმით სამინისტროს მიერ დადგინდა გონივრული ვადები ყველა პირობის შესასრულებლად, რომელიც ძირითადად 2018-2020 წლებში გასატარებელ ღონისძიებებს მოიცავს. სხვა ღონისძიებასთან ერთად, კომპანიებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ და წლის ბოლომდე დაასრულონ წყლის საშხეფი სისტემების დამონტაჟება მადნის დამსხვრევისა და გადატანის პუნქტებზე, რომლებიც უზრუნველყოფს მტვრის ემისიების შემცირებას; ამასთან, ექსპლუატაციის ეტაპზე მუდმივად უნდა უზრუნველყონ ცხელ და მშრალ ამინდებში ძირითადი სატრანსპორტო გზების პერიოდული მორწყვა, გამტვერიანების მინიმუმამდე შესამცირებლად; ცალკეულ ტერიტორიებზე დაზიანებული/დეგრადირებული ნიადაგის სანაცვლოდ უნდა უზრუნველყონ შესაბამისი სარემედიაციო ღონისძიებების შემუშავება და გატარება.

ამასთან, მისი თქმით, კომპანიებმა ერთი თვის ვადაში სამინისტროს უნდა წარუდგინონ დეტალური ღონისძიებების გეგმა-გრაფიკი, სადაც გაწერილი იქნება ყველა ის ღონისძიება, რასაც RMG Cooper და RMG Gold სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში განახორციელებენ თავიანთი საქმიანობის ტერიტორიაზე გარემოსდაცვითი პრობლემების აღმოსაფხვრელად.

როგორც ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ზედამხედველობის  დეპარტამენტი გასულ წლებში ჩატარებული შემოწმების პროცესში  გამოვლენილი დარღვევების შეფასების საფუძველზე ახორციელებს გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოთვლას. მან ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებების ქრონოლოგიაზე ისაუბრა.

„განსხვავებით 2012 წლამდე პერიოდისა, რა დროსაც თქვენთვის ასევე ძალიან კარგად არის ცნობილი იმ შეთანხმების თაობაზე, რომელიც ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ 2012 წელს გააფორმა სს ,,მადნეულთან“ (რომლის საოპერირო არეალს დღეს მოიცავს RMG copper-ის ტერიტორია) და შპს ,,კვარციტთან“ (რომლის საოპერაციო არეალსაც მოიცავს RMG Gold-ის ტერიტორია) და სახელმწიფო ბიუჯეტში 13 მლნ ლარის გადახდის სანაცვლოდ,  აპატია ყველა ის გარემოსდაცვითი დარღვევა, რაც ამ კომპანიებს ჰქონდათ ჩადენილი. ამავე შეთანხმებით სახელმწიფომ გასცა დაპირება კომპანიებზე, რომ არ შეამოწმებდა მათ საქმიანობას და ეპატიებოდა ყველა გარემოსდაცვითი ზიანი. ეს შეთანხმება გაფორმებული იყო მათივე შეცვლილი კანონმდებლობის შესაბამისად. გამომდინარე იქედან, რომ კომპანიების ლიცენზიებს ვადა გასდიოდა და მაშინდელ მთავრობას სურდა ლიცენზიების გაყიდვა ე.წ. ვალდებულებებისგან ,,სუფთა“ მდგომარეობაში, განხორციელდა ასეთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, წლების განმავლობაში, საერთოდ არ ხდებოდა კომპანიების საქმიანობის შემოწმება-ინსპექტირება. ამის საპასუხოდ, ხელისუფლებამ 2015-2016 წლებში მათი საქმიანობის კომპლექსური შემოწმებები  ჩაატარა.

„2013 წლიდან დღემდე კომპანიას მარტო გარემოსდაცვითი დარღვევებისთვის 263 000 ლარის ოდენობის ჯარიმა აქვს გადახდილი. ასევე, ის ისტორიული ზიანია სახეზე, რომელზეც წინა ხელისუფლება არანაირ რეაგირებას არ ახორციელებდა და უკვე კონკრეტული სამოქმედო გეგმით კომპანიებს ვავალებთ ქმედითი ღონისძიებების გატარებას მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში. ჩვენსა და წინა ხელისუფლების მიდგომებს შორის განსხვავება ამით კიდევ უფრო ცხადი და ნათელი ხდება საზოგადოებისათვის“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მისი თქმით, 2013 წლამდე ქვეყნის მასშტაბით საერთოდ არ ხორციელდებოდა ზედაპირული წყლებისა და ნიადაგის მონიტორინგი.

„ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მონიტორინგის ქსელის აღდგენა, ვახორციელებთ მონიტორინგს ბოლნისის და დმანისის რეგიონებში, მუდმივი დაკვირვებების ქვეშ და ცხადია, არ ვმალავთ იმ ფაქტებს და მონაცემებს, რომ დაბინძურებები როგორც წყლის, ასევე ნიადაგის ნაწილში არის, თუმცა ამისათვის, სწორედ კომპანიას ვთხოვთ პასუხს და მის ქმედებებს სამართლებრივ ჭრილში ვაქცევთ“ – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, კომპანიების საწარმოო პროცესის შეჩერება ვერ იქნება რეგიონში მოსაგვარებელი გარემოსდაცვითი პრობლემების ადეკვატური გადაწყვეტა და ამავდროულად, დაკავშირებული იქნება იმ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან, რასაც საქმიანობის შეჩერება გამოიწვევს. მისი თქმით, დიდწილად რეგიონის ეკონომიკური და სოციალური საკითხები მიბმულია  RMG Gold-ის და RMG Copper-ის საქმიანობასთან.

„ციფრებს თუ გადავხედავთ, დღეს კომპანიას 3 000-მდე ადგილობრივი მოსახლე ჰყავს დასაქმებული, 2013 წლიდან დღემდე გადახდილი აქვს: 74 000 000 ადგილობრივ ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით, 4 000 000 ქონების გადასახადი, 47 000 000  მოგების გადასახადი, 62 000 000 საშემოსავლო გადასახადი, 49 000 000 რეგულირების გადასახადი. ამიტომ, ვფიქრობთ, სამინისტრომ სწორად დასახა სამოქმედო გეგმა, როდესაც მიმდინარე წლის მარტში დეტალური გეგმა-გრაფიკი შევუდგინეთ ორივე კომპანიას შესაბამისი გონივრული ვადებით, რათა შეასრულონ გარემოსდაცვითი ვალდებულებები და არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდეს რეგიონში, რასაც ზედმიწევნით და მუდმივ რეჟიმში მივადევნებთ თვალს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ამასთან, მინისტრის თქმით, მიმდინარეობს გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ახალ კანონპროექტზე მუშაობა, რომელიც პარლამენტს უახლოეს მომავალში წარედგინება.