გია გაჩეჩილაძე - მომხრე ვარ, გარემოს დაცვის სამინისტრო ცალკე იყოს, თუმცა ახალ მოდელსაც არაუშავს
საპარლამენტო ფრაქცია “მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე მომხრეა, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო ცალკე არსებობდეს.
პირველ არხთან საუბარში გია გაჩეჩილაძე მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ცუდი მოდელი არ არის, გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტრო შეურთდეს, მაგრამ სჯობს, გარემოს დაცვა, როგორც საქართველოსთვის სტრატეგიული მიმართულება ცალკე იყოს.
„მომხრე ვარ, გარემოს დაცვის სამინისტრო ცალკე იყოს, თუმცა ამ მოდელსაც არაუშავს. ეს საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკოლოგიური მიმართულებით განვითარებას ბიძგს მისცემს. ეს ცუდი მოდელი არ არის, მაგრამ სჯობს, რომ გარემოს დაცვა, როგორც საქართველოსთვის სტრატეგიული მიმართულება და ამასთანავე, ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ცალკე დამოუკიდებელი და გაძლიერებული სტრუქტურა იყოს. საქართველოს პირობებში ძნელი სათქმელია, ეს მოდელი იქნება თუ არა წარმატებული, მაგრამ ამის იმედი გვაქვს. ყველაფერს მუშაობა უნდა. „მწვანეთა პარტია“ მზადაა, მუშაობაში ჩავერთოთ, თუმცა როცა პარლამენტში კანონპროექტი შემოვა, შევეცდებით, გარემოს დაცვის სამინისტრო დამოუკიდებელი სტრუქტურა იყოს“, – აცხადებს გაჩეჩილაძე.
მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად, გარემოს დაცვის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამინისტრო უერთდება, რომლის ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი იქნება.