გია გაჩეჩილაძე - მინდა, მივმართო მანქურთებს, მორჩა, ეს არის თქვენი დასასრულის დასაწყისი [ვიდეო]
ეს არის საქართველო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მოკვდება, რამდენიც უნდა აწამონ, ჩეხონ, ესროლონ და იცით, რატომ? ის არის უფალი და ვერ ხვდებიან ეს მანქურთები, რომ უფალს ვერ მოკლავ, – ამ სიტყვებით მიმართა ევროპის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ.
როგორც გია გაჩეჩილაძემ აღნიშნა, უფალი ყოველთვის მკვდრეთით აღდგება და დაბადებს ისეთ ადამიანებს, რომლებიც ამ ენაზე ილაპარაკებენ, ამ ადგილას იცხოვრებენ და ღმერთი ეყვარებათ.
„აი, საქართველო, რომელსაც არაფერს ეკითხებიან. აი, საქართველო, რომელიც ამდენი ხანია, ყველაფერს ითმენს. აი, საქართველო, რომელიც თავის საყვარელ პატრიარქს პატივს სცემს და მიჰყვება. აი, საქართველო, რომელსაც უყვარს, რომელსაც ცრემლი მოსდის ყველაფერზე, რაც ხდება. აი, საქართველო ლუკა რაზიკაშვილის, ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის. აი, ეს არის საქართველო სტუმარ-მასპინძლის, „აი იასი“, „ვეფხისტყაოსნის“, დიმიტრი უზნაძის, ნიკო მუსხელიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, სერგო ზაქარიაძის, სესილია თაყაიშვილის, იპოლიტე ხვიჩიასი, დიმიტრი ყიფიანის, სოლომონ დოდაშვილის, სანდრო ახმეტელის, ტიციან ტაბიძის, მირზა გელოვანის, რეზო თაბუკაშვილის და სხვების და სხვების. ეს არის საქართველო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მოკვდება, რამდენიც არ უნდა აწამონ, ჩეხონ, ესროლონ და იცით, რატომ? ის არის უფალი და ვერ ხვდებიან ეს მანქურთები, რომ უფალს ვერ მოკლავ, ვერა. ის ყოველთვის მკვდრეთით აღდგება და დაბადებს ისეთ ადამიანებს, რომელიც ამ ენაზე ილაპარაკებენ, ამ ადგილას იცხოვრებენ და ღმერთი ეყვარებათ. დაგვინახეთ, დაინახოს ყველამ – ეს ჩვენ ვართ, საქართველო, ეს ჩვენ ვართ, სიყვარული, ეს ჩვენ ვართ მოთმინება და გეუბნებით, რომ ეს საქართველოა. ეს საქართველოა „მრავალჟამიერის“, „ჩაკრულოსი“, ეს საქართველოა „შენ ხარ ვენახის“ და ზუსტად ეს საქართველოა მარადიული. მინდა, მივმართო მანქურთებს, მორჩა, ეს არის თქვენი დასასრულის დასაწყისი“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, სკვერს, სადაც მოქალაქეების შეკრება მიმდინარეობს, ეწოდება ტოლერანტობის სკვერი და ამაზე შეთანხმდა ყველა კონფესიის წარმომადგენელი, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ.
„თავიდანვე ასე იყო, ეს ქალაქი ყველას იტევდა, იტევდა ქრისტიანსაც, მუსლიმსაც, კათოლიკესაც, ყველას. აქ უნდა აღმართულიყო ძეგლი, რომელსაც დაეწერებოდა „ღმერთი სიყვარულია“, ეს არ შედგა. აქ დაიდგა ბერლინის კედელი. ჩვენ ყველანაირი კედელი უნდა დავამსხვრიოთ, მაგრამ ღმერთი რომ სიყვარულია, აქ მაინც დაიწერება. სამი რამე, რომელიც გადასარჩენია და დასაცველია, ეს არის მამული, ენა და სარწმუნოება. ჩვენ ვდგავართ ჩვენს მამულზე და მამულში, რომელსაც ვერავინ წაგვართმევს. დავიცავთ იმ ფასეულობებს, ღირებულებებს, რომელსაც ყოველთვის იცავდა ჩვენი წინაპარი. ეს ის ხიდია, სადაც მტკვარი წითლად შეიღება, სადაც აბო თბილელის წამება მოხდა. სპეციალურად გავივლით, სანაპიროთი ჩავუვლით კათოლიკოს-პატრიარქს მივაგებთ პატივს, ტაშით ვეტყვით მადლობას, შემდეგ გადავინაცვლებთ „დედაენის ბაღში“, სადაც დავიცავთ ჩვენს ენას და ზუსტად იქ დავაფუძნებთ ამათი დასასრულის დასაწყისს. ამათ ჰგონიათ, რომ უნდათ და გვიწვევენ, რუსთაველზე მოხდეს იმ კარვების აყრა, იმ სუნიანი და გაბინძურებული კარვების აყრა. ყველამ დაინახა, ვის უყვარს საქართველო და ვის არა. ერთი დღით არ აალაგეს კარვები, რომ ხალხი მისულიყო და პატივი მიეგოთ. მაგრამ არა უშავს. რაც მათ უნდათ, ჩვენ მათ მოედანზე არ ვითამაშებთ, ეს კარგად გაიგონ, ჩვენ ვართ ინტელექტუალური პროტესტის მომხრე და დავრჩებით ასე“, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.