გია ჟორჟოლიანი უმრავლესობას მიმართავს - გაიტანეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივა და დაგვანებეთ თავი
დეპუტატი გია ჟორჟოლიანი საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი გაიწვიოს ან განმარტებები გააკეთოს.
ამის შესახებ განცხადება გია ჟორჟოლიანმა პარლამენტის სხდომაზე გააკეთა, სადაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ.
„რას ვაკეთებთ ჩვენ აქ? როგორც ვიცი, 93-მა დეპუტატმა შემოიტანა ინიციატივა. ახლა ეს 93 დეპუტატი ამბობს, რომ აღნიშნული ინიციატივა არ ვარგა. გაიტანეთ ეს ინიციატივა და დაგვანებეთ ჩვენ თავი, ეს ერთი. მეორე – ცოტა განმარტებებია საჭირო. პროპორციული არჩევნები არ არის მაჟორიტარული და ადგილობრივი, ასე ვთქვათ, პერსონალური ბმის საწინააღმდეგო. პროპორციული არჩევნები ნიშნავს, რომ ხმების პროპორციულად იქნება წარმომადგენლობა, მაგრამ ეს შეიძლება, იყოს რეგიონების მიხედვითაც. გეუბნებოდით, გამოგიგზავნეთ და არ მოისმინეთ. ახლა ამბობთ, რომ რეგიონები ისე დარჩება, არ დარჩება, მთელს მსოფლიოში არჩევნები ტარდება რეგიონული სიებით, სადაც რეგიონებია წარმოდგენილი“, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, თვითმმართველობა და პარლამენტის წარმომადგენლობა ერთმანეთთან კავშირში რომ იყოს, მაშინ ცალ-ცალკე არ იარსებებდნენ.
„ხალხი, რომელიც სოფელში ცხოვრობს, წყლის და გაზის გარდა, ქვეყანაზეც ფიქრობს, საგარეო პოლიტიკაზეც და ზოგჯერ, როგორც ჩანს, ბევრ პოლიტიკოსზე უკეთ. კომპრომისს გთავაზობთ, რომ ეს ხალხის გაუგებრობაში არ ამყოფოთ. რასაც აქ ვხედავ, ეს არის დეპუტატობის დისკრედიტაცია. კომპრომისს გთავაზობთ – მანდატების განაწილების წესი შეიძლება, იყოს ისეთი, სადაც რეგიონული წარმომადგენლობა იქნება უზრუნველყოფილი, მაგრამ ამას სჭირდება სერიოზული საუბარი და არა ასე, რაღაც გაუგებარ ვითარებაში ყოფნა. არა ის, რომ ორი თვის განმავლობაში რაღაცას ხელი მოვაწერეთ და მერე ვიფიქრეთ, რომ ეს საქართველოს სტაბილურობას ემუქრება. ორი თვის წინ თუ არ იცოდი სტაბილურობას რა ემუქრება და რა არა, მაშინ არ უნდა მოაწერო ასეთ რამეს ხელი“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პლენარულ სესიაზე დღეს დაიწყო. მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში ორი პროექტი იყო. ერთი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული. ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტით გათვალისწინებული იყო არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებული იყო საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება. უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები კი, 2020 საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. ცვლილებების მიხედვით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დღეს პარლამენტში კენჭისყრაზე ჩავარდა.