გია ჟორჟოლიანი - პროცესი უნდა დაიწყოს და მივიღებთ შეიძლება, არასრულ, მაგრამ ფართო კონსენსუსზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას
„სოციალ-დემოკრატების“ ლიდერი, დეპუტატი გია ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ საარჩევნო მოდელზე მოლაპარაკება და ფართო კონსენსუსზე დაფუძნებულ სისტემაზე შეთანხმება შესაძლებელია. ამის შესახებ გია ჟორჟოლიანმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დიპლომატების მონაწილეობით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„მოლაპარაკება, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ვფიქრობ, პროცესი უნდა დაიწყოს და ორი თვის შემდეგ მივიღებთ შეიძლება, არასრულ, მაგრამ ფართო კონსენსუსზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას. 40-პროცენტიანი შეზღუდვა და ერთპროცენტიანი ბარიერი ანუ ბარიერის დაწევა და პროპორციული მანდატების წილის მაქსიმალურად გაზრდა, ვლაპარაკობ მაქსიმალურ გაზრდაზე, არ არის დამოკიდებული ციფრებით მანიპულაციაზე, უნდა მოხდეს ოლქების გაზრდა და ასე შემდეგ. ყველასთვის მისაღებია 40-პროცენტიანი ჩამკეტი“, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
მისივე თქმით, პოლიტპატიმრების საკითხი და საარჩევნო სისტემა ერთმანეთთან პირდაპირ დაკავშირებული საკითხები არ არის, თუმცა წინასაარჩევნოდ ოპონენტების დევნას არ უნდა ჰქონდეს ადგილი.
„პოლიტპატიმრების საკითხზე მგონი ძალიან გონივრული შეფასება გაკეთდა, რომ ეს საკითხები ერთმანეთთან პირდაპირ დაკავშირებული არ უნდა იყოს, მაგრამ ის, რომ ოპონენტების დევნას არ უნდა ჰქონდეს ადგილი საარჩევნო კამპანიის დროს, აშკარაა და შესაბამისი გადაწყვეტილებები და ფორმები უნდა იყოს გამოძებნილი“, – აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.