ევროპა ლიგაზე „სამტრედიაში“ მთავარ მწვრთნელად კვლავ გია ცეცაძე იმუშავებს.
ცეცაძის დაბრუნებას ის აბრკოლებდა, რომ ნაკრებში დასაქმებულ მწვრთნელს კლუბში მუშაობა ეკრძალება, ცეცაძე კი საქართველოს ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელია.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაითვალისწინა საფეხბურთო კლუბ “სამტრედიას” თხოვნა, რის შედეგადაც, კლუბი, მწვრთნელი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია შეთანხმდნენ, რომ გია ცეცაძე “სამტრედიაში” სანაკრებო პაუზისას იმუშავებს, ხოლო 21-წლამდე ნაკრებს მომდევნო შეკრებისთანავე დაუბრუნდება.
“საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართა საფეხბურთო კლუბმა “სამტრედიამ”, რათა ევროპა ლიგისთვის დროებით კლუბში ემუშავა გია ცეცაძეს, რომელიც, მოგეხსენებათ, 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელია. მწვრთნელთან მოლაპარაკებების შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროებით, ახალგაზრდულის შეკრებამდე, გიას ემუშავა “სამტრედიას” მთავარ მწვრთნელად, რადგან კლუბის ხელმძღვანელობის აზრით, მათთვის ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო ტურნირის მოსამზადებელ ეტაპზე. ჩვენის მხრივ, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ყველა კლუბს მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ, რადგან მათი წინსვლა, მთლიანად ქართული ფეხბურთის წარმატებაა” – ამბობს სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი.
შეგახსენებთ, რომ სამტრედიელები ევროპა ლიგის პლეიოფში ყაზახურ “ტობოლს” დაუპირისპირდებიან, სადაც საქართველოს ნაკრების წევრები ნიკა კვეკვესკირი და ჯაბა კანკავა თამაშობენ. პირველი მატჩი 10 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.