ცეცაძე ელიგას დაუბრუნდა - ის „თელავში“ ჭელიძეს შეცვლის #1TVSPORT
ცეცაძე ელიგას დაუბრუნდა - ის „თელავში“ ჭელიძეს შეცვლის #1TVSPORT

გია ცეცაძე „თელავის“ მთავარ მწვრთნელად იმუშავებს – ინფორმაციას თელაველთა ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„საფეხბურთო კლუბ „თელავს“ ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს – ჩვენს გუნდს 47 წლის გია ცეცაძე გაწვრთნის. ფეხბედნიერი იყოს ბატონო გია თქვენი მოსვლა ჩვენს დიდ ოჯახში და წარმატებები თქვენს გუნდთან ერთად“, – ვკითხულობთ „თელავის“ პრესსამსახურის გავრცელებულ ცნობაში.

გია ცეცაძის სამწვრთნელო კარიერა მრავალფეროვანია – უმუშავია რუსთავის „ოლიმპში“, გორის „დილაში“, „სამტრედიაში“, თბილისის „ლოკომოტივში“, „საბურთალოში“, „ლვოვში“, ქუთაისის „ტორპედოში“.

მას მდიდარი სანაკრებო გამოცდილება გააჩნია, რადგან იყო საქართველოს 16, 17-წლამდელთა და ეროვნული ნაკრებების მთავარი მწვრთნელის თანაშემწე, საქართველოს 19-წლამდელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი.

ყველაზე დიდი წარმატებას „სამტრედიაში“ მიაღწია – გუნდმა მისი ხელმძღვანელობით 2016 წელს პირველად მოახერხა საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, ხოლო 2017 წელს საქართველოს სუპერთასსაც დაეუფლა.

გია ცეცაძის ბოლო კლუბი ქუთაისის „ტორპედო“ იყო, რომელიც მაისში დატოვა. „თელავში“ მან მთავარი მწვრთნელის როლში გიორგი ჭელიძე შეცვალა.