„ტორპედოს“ ადმინისტრაცია ცეცაძის გაშვებას არ აპირებს - გააზრებული გადაწყვეტილებები გვინდა და არა - ნაჩქარევი #1TVSPORT 
„ტორპედოს“ ადმინისტრაცია ცეცაძის გაშვებას არ აპირებს - გააზრებული გადაწყვეტილებები გვინდა და არა - ნაჩქარევი #1TVSPORT 

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპედოს“ ხელმძღვანელობამ საგანგებო განცხადება გაავრცელა და პასუხი გასცა გულშემატკივრების მოთხოვნას, რომლებიც მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის გაშვებას ითხოვენ.

„ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ სამ შეხვედრაში „ტორპედომ“ ჯამში კატასტროფული შედეგები აჩვენა, რაზეც ყოველგვარი პასუხიამგებლობა ეკისრება მთავარ მწვრთნელს! ეს ადამიანი არ არის ქუთაისის „ტორპედოს“ დონის და გუნდი რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს! ცეცა, წადი, თორემ ძალით გაგიშვებთ“, – ასეთი იყო „ჩვენ ვართ ტორპედოს“ გვერდზე ქუთაისელი გულშემატკივრების მოწოდება.

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის „ტორპედოს“ განცხადებაში ამ მოთხოვნას უპასუხეს და დააფიქსირეს პოზიცია, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება კლუბს არ წაადგება:

„ტორპედოს“ ხელმძღვანელობა, მიზანშეწონილად მიიჩნევს დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია და მოსაზრება, ეროვნული ჩემპიონატის პირველ სამ ტურში, გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგების გამო, გულშემატკივართა მხრიდან გამოთქმული უკმაყოფილების შესახებ.

„ტორპედოს“ ერთგული გულშემატკივარი, გუნდისგან ყოველთვის მაღალი თამაშის ხარისხსა და შედეგს მოითხოვს, რომელიც კლუბის მოთხოვნის ანალოგიურია. მივიჩნევთ, რომ გუნდის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და ფაქტებზე გააზრებული და არა ნაჩქარევი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული.

ყველა ერთხმად ვთანხმდებით, რომ ჩატარებულ სამ შეხვედრაში მოპოვებული მხოლოდ ერთი გამარჯვება არ არის დამაკმაყოფილებელი შედეგი, თუმცა მთელი რიგი მიზეზების გამო, ამ ეტაპზე რადიკალური საკადრო ცვლილებების განხორციელებისგან თავს ვიკავებთ. მივიჩნევთ, რომ ჩემპიონატის საწყის ეტაპზე მყოფი გუნდისთვის, რომელიც შეთამაშების სტადიაზეა საუკეთესო გამოსავლი არ იქნება ცვლილებები.

დღეს, „ტორპედო“ ახალი ხელმძღვანელობით, ახალი მწვრთნელებითა და ახალი ფეხბურთელებით, შენების პროცესის საწყის ეტაპზეა და ყველაზე მეტად გუნდს ახლა სჭირდება გვერდში დგომა, რომელიც გულშემატკივართა მხრიდან ტორპედოელებს არასოდეს მოკლებიათ“.