საქართველოს ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გია ცეცაძე პირველ არხთან ამბობს, რომ გუნდს ზაფხულში ფეხბურთის ფედერაციამ ძალიან კარგი საკონტროლო შეხვედრები დაუგეგმა.
„უცხოეთში მოთამაშე ორიოდე ფეხბურთელის ნახვა მსურს, მაგრამ მათ ოფიციალურ თამაშებზე ვერ გამოვცდით – ასეთ მატჩებში ექსპერიმენტებს ვერ ჩავატარებ. საამისოდ არის ამხანაგური თამაშები, სადაც ყველა საინტერესო ფეხბურთელს მოვიწვევთ. სპარინგები კი ივნისის დასაწყისში ჩატარდება. ფეხბურთის ფედერაციამ ძალიან კარგი მეტოქე მოგვიძებნა – საქართველოში უელსის ახალგაზრდული ნაკრები გვესტუმრება და ორ საკონტროლო თამაშს ჩავატარებთ“, – ამბობს ცეცაძე.
მანამდე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ორ ოფიციალურ შეხვედრას გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ჩაატარებს: 23 მარტს გია ცეცაძის გუნდი ფარერების ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 27 მარტს – დანიას.