გია ცაგარეიშვილი - საქართველო სუვერენული ქვეყანაა, სადაც ისე იქნება საქმე, როგორც ქართველ ხალხს უნდა და არა როგორც ვიღაც ვიგინდარებს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ
სიკეთე გინდა თუ შენი ისტორიული სამშობლოსთვის, შენი პარტნიორი ქვეყნისთვის, სულ მცირე, მის უახლეს ისტორიას უნდა იცნობდე და არ უნდა უწოდო ბოდვითი ბრალდებები იმ ბრალდებებს, რომლებიც წარდგენილია სააკაშვილის მისამართით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ცაგარეიშვილმა კომენტარი გააკეთა უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებაზე, რომელმაც კიევში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას უკრაინის გენერალურ პროკურატურას მიმართა, „დაიწყოს გამოძიება სააკაშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე“.
„რაც უფრო ხშირად იქნება ამ ბატონის და სხვების მხრიდან ამგვარი განცხადებები, საქართველოში მით უფრო ნათლად გამოჩნდება ადამიანებისთვის ის, რომ ამას მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური და ვიწრო პარტიული მიზნები აქვს. შენ თუ სიკეთე გინდა შენი ისტორიული სამშობლოსთვის, შენი პარტნიორი ქვეყნისთვის, სულ მცირე, მის უახლეს ისტორიას უნდა იცნობდე და იმ ბრალდებებს, რომლებიც წარდგენილია სააკაშვილის მისამართით და ქმედებებს, რის გამოც ის გასამართლებულია, არ უნდა უწოდო ბოდვითი ბრალდებები, დაუმტკიცებელი ბრალდებები. სულ მცირე, უნდა ჩაიხედო ამ ქვეყნის უახლეს ისტორიაში და იქ აღმოაჩენ ბევრ ისეთ თავზარდამცემ ისტორიას, რომელიც პირდაპირ მიხეილ სააკაშვილთან არის დაკავშირებული, რის გამოც იგი, შესაბამისად, სასჯელს იხდის ახლა საპატიმროში, უფრო სწორედ, საავადმყოფოში, რომელიც საპატიმროდ არის ქცეული. ესეთი ზედაპირული მიდგომა როცა გაქვს საკითხისადმი, ეს ნათელყოფს იმას, რომ შენ საერთოდ არ გაინტერესებს საკითხის არსი, შენ არ გაინტერესებს არც იმ სააკაშვილის მიერ განადგურებული ოჯახების ბედი და იმ ადამიანების ახლობლების ბედი, საერთოდ ფეხებზე ჰკიდია საქართველო. შენ ადამიანებს ამგვარ შეურაცხყოფას როცა აყენებ და ამ განცხადებას მე რომ ვკითხულობ, ხომ კითხულობენ სანდრო გირგვლიანის დარჩენილი ოჯახის წევრები? ხომ კითხულობენ ზერეკიძეები? ხომ კითხულობენ რობაქიძეები? ხომ კითხულობენ კობა დავითაშვილის ოჯახის წევრები? უამრავი ადამიანი ხომ კითხულობს? ბატონ არახამიას რა ჰგონია, რომ ვიღაც ნაძირალა, რომელიც მასთან ჩავა ქედის მოსახრელად კიევში, მხოლოდ ის არის საქართველო და მეტი არაფერი და არავინ არ არის საქართველო, ასეა წუთისოფელი მოწყობილი? ამას ამბობს პოლიტიკოსი, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ კარგად იცნობს საქართველოს შიდა პოლიტიკას? თუ ასე ილაპარაკებენ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ვურჩევ, რაც შეიძლება ბევრი არახამიასნაირი გამოიყვანონ და ასეთ ტონალობაში ილაპარაკონ სააკაშვილზე, იმ კატასტროფაზე, უბედურებაზე და იმ საშინელებაზე, რომელიც ამ ადამიანებმა მოაწყვეს 2003-2012 წლებში. ბევრი ილაპარაკონ და მერე უნდათ კოალიცია შექმნან გაუგებარ ადამიანებთან, უნდათ ბლოკი შექმნან, უნდათ ერთმანეთში აიზილონ კარგად, რა შედეგსაც ნახავენ და მიიღებენ, ამას გაიგებენ, რადგან საქართველოს ბედი წყდება საქართველოში“, – განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, საქართველო არის სუვერენული ქვეყანა, რომელიც თავის თავს და თავის ისტორიას, მათ შორის, უახლეს ისტორიას, პატივს სცემს.
„ეს არ არის საქართველო, რომელიც რუსული ჩექმის ქვეშ გმინავდა, ეს არ არის საქართველო სააკაშვილის დროინდელი, რომელიც აქ ვის შეკვეთებს ასრულებდა, კაცმა ვერ გაიგო დღემდე, ეს არის სუვერენული ქვეყანა, რომელიც თავის თავს და თავის ისტორიას, მათ შორის, უახლეს ისტორიას, პატივს სცემს და აქ ისე იქნება საქმე, როგორც ეს ქართველ ხალხს უნდა, როგორც საქართველოს ამომრჩეველს უნდა და არა როგორც ვიღაც ვიგინდარებს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ეს კარგად უნდა დაიმახსოვროს ქვეყნის მტერმაც და მოყვარემაც”, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.