გია ცაგარეიშვილი - როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, ხელში ჩაიგდოს ცესკო, აკეთოს ის, რასაც აკეთებდა, აყალბებდა არჩევნებს და ამრუდებდა საარჩევნო შედეგს, ეს დრო წარსულს ჩაბარდა
გია ცაგარეიშვილი - როგორც ჩანს, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა, ხელში ჩაიგდოს ცესკო, აკეთოს ის, რასაც აკეთებდა, აყალბებდა არჩევნებს და ამრუდებდა საარჩევნო შედეგს, ეს დრო წარსულს ჩაბარდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ცაგარეიშვილის განცხადებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხელოვნურად კრიზისის შექმნა დამღუპველად იმოქმედებდა არა მხოლოდ საარჩევნო პროცესზე, არამედ ქვეყნის მომავალ, ნორმალურ განვითარებაზე.

როგორც ცაგარეიშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, მმართველი გუნდის ამოცანაა, ნორმალური სამუშაო პირობები შეექმნას ცესკო-ს, მათ შორის ცესკო-ს ოპოზიციონერ წევრებს.

„ჩვენ დღეს გავაკეთეთ ძალიან მარტივი რამ, ცესკო-ს მივეცით ნორმალური მუშაობის და ფუნქციონირების საშუალება. ეს არის და ეს. როცა ორ წელზე მეტია, კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე და ჰყავს მხოლოდ მოვალეობის შემსრულებელი, როცა კომისიის წევრთაგან ორს უფლებამოსილების ვადა აქვს გასული, დროებით ასრულებენ მოვალეობას და გვიახლოვდება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები, ვფიქრობ, ცხადზე უცხადესია, რომ აქ კრიზისის შექმნა დამღუპველად იმოქმედებს არა მხოლოდ საარჩევნო პროცესზე, არამედ, სავარაუდოდ, ქვეყნის მომავალ, ნორმალურ განვითარებაზე. მგონი, ამაში ყველა ვთანხმდებით და ყველას გვინდა, რომ ნორმალურ პირობებში ჩავატაროთ შემდეგი არჩევნები.

რანაირად შეიძლება საერთოდ სიტუაციის რამე ნორმალიზებაზე საუბარი, როცა ხელოვნურად შექმნილი კრიზისი გაქვს ცესკო-ში. ჩვენ ამ რაღაც კვანძის გახსნას ველოდებოდით თითქმის ორ წელზე მეტია. ეს კვანძი კი არ იხსნებოდა, არამედ უფრო რთულდებოდა, იბურდებოდა იქაურობა და მომავალში უფრო ძნელად გადასალახავი შეიძლებოდა გამხდარიყო ბევრი პრობლემა. ამიტომ ჩვენ თადარიგი დავიჭირეთ.

აბსოლუტურად ყურით მოთრეული ბრალდებები ისმის უკვე მრავალი თვეა. ჩვენი ამოცანა არის, რომ ნორმალური სამუშაო პირობები შეექმნას ცესკო-ს, მათ შორის ცესკო-ს ოპოზიციონერ წევრებს, თუ არ ვცდები, შვიდი თუ რვა გვყავს დღეს ცესკო-ში, მრავალპარტიულობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. ჩვენ უმრავლესობით ავირჩევთ ცესკო-ს თავმჯდომარეს და ეს მოდელი აპრობირებულია სრულიად ევროპაში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ვერ დამისახელებთ ვერცერთ გამონაკლისს ამ ქვეყნების ჩამონათვალიდან, სადაც მუშაობს ამგვარი მოდელი, რომელიც ექსპერიმენტის სახით იყო შემოთავაზებული. პარტიის, ფრაქციის თავმჯდომარემაც აღნიშნეს, რომ იყო საკმაოდ დიდი შეცდომა ჩვენი მხრიდან, ამ შეცდომების აღიარებასაც სჭირდება ვაჟკაცობა და სითამამე, ეს შეცდომა ჩვენ ვაღიარეთ, ჩვენ არ უნდა წავსულიყავით ამ დათმობაზე, რომელმაც ჩიხში მოაქცია ცესკო-ს წევრებისა და თავმჯდომარის შერჩევასთან დაკავშირებული მთელი ეს პროცესი.

აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დავძლიოთ ეს კრიზისი, დავაბრუნოთ ნორმალურ კალაპოტში ცესკო-ს მუშაობა, ავირჩიოთ ლეგიტიმური გზით ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტის უმრავლესობის ან, ზოგადად, სრული შემადგენლობის მხარდაჭერით მომავალი თავმჯდომარე და კომისიის ორი წევრი, თუ იქნება ამგვარი მხარდაჭერა ოპოზიციის მხრიდან. თუ არ იქნება, რა თქმა უნდა, 76 ხმა იქნება საკმარისი, რათა ჩვენ გვყავდეს ცესკო-ს თავმჯდომარე შერჩეული. თუ ეს იქნება ის, ვინც ახლა მოვალეობას ასრულებს, მე ამაშიც ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ, რადგან სწორედ ამ ბატონმა, ცესკო-ს ამ შემადგენლობამ თითქმის ორი წლის განმავლობაში ჩაატარა ყველა არჩევნები ისე, რომ არ იყო არავითარი კრიტიკული შეფასებები, მათ შორის ეუთო/ოდირის მხრიდან. მაგალითად, ძალიან რთული ადგილობრივი არჩევნები დაახლოებით ორი წლის უკან სწორედ ამ შემადგენლობამ და ცესკოს-ს თავმჯდომარეობის მოვალეობის შემსრულებელმა ჩაატარა. ეუთო/ოდირი არის უმნიშვნელოვანესი სადამკვირვებლო მისია, არავის პერსონალურად მის მიმართ შენიშვნა არ გამოუხატავს, მაგრამ რატომღაც ქალბატონ პრეზიდენტს ამჟამინდელი მოვალეობის შემსრულებელი თვალში არ მოუვიდა. შენიშვნა არ აქვს ჩვენს ევროპელ კოლეგებს, სამაგიეროდ, შენიშვნა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომელსაც, ეტყობა, უნდა, ხელში ჩაიგდოს ცესკო და აკეთოს ის, რასაც ძალიან დიდი დროის მანძილზე აკეთებდა. აყალბებდა არჩევნებს და ამრუდებდა საარჩევნო შედეგს. ყველანი ერთად უნდა შევთანხმდეთ, ეს დრო წარსულს ჩაბარდა, ასეთ პერიოდს საქართველო ვეღარ დაუბრუნდება“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

ცაგარეიშვილმა ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენ გვექნება სრულად ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარების საშუალება, დაველოდოთ 2024 წელს. ამგვარი წესით არჩევნების ჩატარებამ ბრწყინვალე შედეგები მოიტანა. იცით, რომ რამდენიმე შუალედური არჩევნები სწორედ ელექტრონული წესით ჩავატარეთ. ამიტომ ახლა მთელი ქვეყანა, მთელი საზოგადოება გადავერთეთ, და ეს იყო, მათ შორის, ჩვენი ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, გადავერთეთ ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებაზე, სადაც ნებისმიერი ჩარევა, მინიმალურ დონეზეც, მათ შორის წევრების მხრიდან, მომავალი თავმჯდომარის მხრიდან, იქნება დაყვანილი ნულამდე. ამგვარი რამ, უბრალოდ, გამორიცხულია. რვა საათზე უბნები დაიკეტება, 10-20 წუთში სრულიად საქართველოს ეცოდინება არჩევნების პირველადი შედეგები და ამით დასრულდება მუდმივი ღამის ბრძოლა საუბნო-საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

პარლამენტმა დღეს „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.

კენჭისყრის პროცედურის შემდეგ დეპუტატებმა თავიდან უყარეს კენჭი „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რაც პარლამენტმა 78 ხმით 14 წინააღმდეგ დაამტკიცა.

აღნიშნული ცვლილებების თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. კომისიის შემადგენლობაში იქნება ცხრა წევრი და ის დაკომპლექტებული იქნება პრეზიდენტის ერთი წარმომადგენლის, სამოქალაქო სექტორისა და აკადემიური წრეების რვა წარმომადგენლისგან. ცვლილებების მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს წევრების კანდიდატურებს პარლამენტს წარუდგენს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატურების წარდგენის პროცესში, თუ საქართველოს პარლამენტი პირველივე ჯერზე ვერ შეძლებს ვაკანტურ თანამდებობებზე პირთა არჩევას.

ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრები აირჩევიან 5 წლის ვადით პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით.