გია აბდალაძე გრიგოლ ვაშაძეს მიმართავს - დღევანდელი განაჩენი არის შენი განაჩენი
ოთხი უდანაშაულო ადამიანი ჯოჯოხეთში გაგვატარეს და სისულელეები „გვაღიარებინეს“, – ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა გია აბდალაძემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა, სადაც ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე 2011 წლის გამამტყუნებელი განაჩენი გაუქმდა და ფოტორეპორტიორები სრულად გამართლდნენ.
„ჩვენ, ოთხი უდანაშაულო ადამიანი ჯოჯოხეთში გაგვატარეს და სისულელეები „გვაღიარებინეს“. დღეს საქართველოში პრეზიდენტობის კანდიდატი არის ის ადამიანი, ვაშაძეს ვგულისხმობ, რომელსაც მე პირადად ჩემს საქმეში ვდებ ბრალს. მას არ ეყო არც ვაჟკაცობა, არც კაცობა. ჩემზე, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, რომელსაც თითქმის დღეში სამჯერ მასთან მიწევდა ურთიერთობა გადაღებაზე, ყველაფერს უარყოფს, ამბობს, თითქოს არ მიცნობს. მათი სატელევიზიო კომენტარები მერე მოვისმინე, როცა საპატიმროდან გამოვედი, რომ ის ბრალს მდებდა პირადად, რომ მე ვიყავი ჯაშუში.
დღევანდელი განაჩენი არის შენი განაჩენი, გრიგოლ ვაშაძევ. ჩვენ ციხეში გვაწამეს შენი არაკაცობის გამო, შენ იმის ვაჟკაცობა არ გეყო, რომ გამოსულიყავი და გეთქვა, ეს ხალხი უდანაშაულოა. ციხეში გვიშვებდი არაფრის გამო, რადგან შეგეშინდა ვანო მერაბიშვილის ზარის. მაგაზე უნდა გასცე პასუხი. ყველა ჩვენნაირი ადამიანი კი 28-ში გაგცემთ პასუხს, ვინც უდანაშაულოდ აწამეთ და უსამართლობაში გაატარეთ“, – განაცხადა გია აბდალაძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. ჯაშუშობის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გააუქმა და ფოტორეპორტიორები სრულად გაამართლა. სააპელაციო სასამართლო 2011 წლის საქალაქო სასამართლოს განაჩენს განიხილავდა, რომლის მიხედვით, ფოტორეპორტიორები ირაკლი და ნათია გედენიძეები, ზურაბ ქურციკიძე და გია აბდალაძე ჯაშუშობის ბრალდებით, დამნაშავედ ცნეს.