„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ფარგლებში, საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ქვედანაყოფებმა ერთობლივი ურბანული ოპერაცია ჩაატარეს
„ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ფარგლებში, საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ქვედანაყოფებმა ერთობლივი ურბანული ოპერაცია ჩაატარეს

საქართველოში მიმდინარე მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“-ის ფარგლებში, საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ქვედანაყოფებმა ერთობლივი ურბანული ოპერაცია ჩაატარეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ-ბრიტანული სწავლების კომპონენტი – დასახლებულ პუნქტში ოპერაცია ვაზიანის საწვრთნელ რაიონში გაიმართა, რომელსაც მხარს უჭერდა აშშ-ის სამხედრო პოლიციის მე-18 ბრიგადის პირადი შემადგენლობა.

უწყების ცნობით, ურბანული ოპერაციის მიზანი მოწინააღმდეგე მხარის მიერ დასახლებული პუნქტის გაწმენდა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. სცენარის მიხედვით, ქართულ-ბრიტანულმა ასეულმა ერთობლივი პატრულირება განახორციელა და დასახლებულ პუნქტში მოწინააღმდეგე ძალების მიერ გამაგრებულ ორ შენობას შეუტია. შემდეგ კი, ასეულმა კორდონი მოაწყო და სამძებრო ოპერაციები განახორციელა.

ერთობლივ ურბანულ ოპერაციაში საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის IV მექანიზებული ბრიგადის 41-ე ბატალიონისა და გაერთიანებული სამეფოს დედოფლის გურქების ლოჯისტიკური პოლკის 28-ე ასეულის სამხედროები მონაწილეობდნენ.