გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი - „ღირსეული პარტნიორის“ სწავლება უნიკალური შესაძლებლობაა საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის
გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი - „ღირსეული პარტნიორის“ სწავლება უნიკალური შესაძლებლობაა საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის

სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოში მეხუთედ ტარდება და მისი ჩატარების მიზანი არის, საქართველოს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის, ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესება, ასევე შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა „ღირსეული პარტნიორი 2020“ გახსნაზე განაცხადა.

როგორც გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა აღნიშნა, სწავლება „ღირსეული პარტნიორი“ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მუდმივად მზარდი თანამშრომლობის კარგი მაგალითია.

„2020 წელს მასში მონაწილეობას იღებს საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და პოლონეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოების მხრიდან სწავლებაში ჩართვის მზარდი სურვილი მიუთითებს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებისა და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდის პროცესში, მათ უშუალო მხარდაჭერას. „ღირსეული პარტნიორის“ სწავლება არის უნიკალური შესაძლებლობა საქართველოს თავდაცვის ძალებისათვის, გაეცნონ პარტნიორი სახელმწიფოების მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიებს, გამოსცადონ მრავალეროვნულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობები, ერთმანეთს გაუზიარონ სხვადასხვა ტიპის ღონისძიება, დაგეგმვისა და აღსრულების გამოცდილება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნას და ურთიერთთავსებადობის დონეს. ვიმედოვნებ, მომავალი ორი კვირა საკმაოდ ინტენსიური და ნაყოფიერი იქნება სწავლებაში მონაწილე ქვედანაყოფებისათვის და ჩვენ კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ მსოფლიოში არსებული ცვალებადი გარემოს მიუხედავად, აშშ, საქართველო და პარტნიორი სახელმწიფოები ერთიანი ძალისხმევით უზრუნველყოფენ დასახული მიზნების აღსრულებას. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, აშშ-ს გაწეული მხარდაჭერისა და საქართველოს თავდაცვის ძალების თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარების საკითხში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებას და ნატო-ს სტანდარტთან თავსებადობის ამაღლებას. სწავლებაში მონაწილე ყველა სამხედრო მოსამსახურესა და სამოქალაქო პირს ვუსურვებ დასახული ამოცანების წარმატებით შესრულებას“, – განაცხადა გენერალ-მაიორმა.