გერმანულმა Deutsche Bank -მა 35 მილიარდი აშშ დოლარი შეცდომით სხვა ანგარიშზე გადარიცხა
უმსხვილესმა გერმანულმა ბანკმა 35 მილიარდი აშშ დოლარი შეცდომით სხვა ანგარიშზე გადარიცხა, თუმცა შეცდომა სწრაფადვე გამოასწორა. მცდარ ტრანზაქციას ფინანსური ზარალი არ მოჰყოლია.
ამერიკული ბიზნეს-მაუწყებლის CNNMoney-ს ინფორმაციით, ფულადი გადარიცხვა, რომელსაც Deutsche Bank -მა „საოპერაციო შეცდომა“ უწოდა, ბანკის საბაზრო ღირებულებას 5 მილიარდი აშშ დოლარით აღემატება.
Deutsche Bank-ის ოფიციალური გნცხადებით, ბანკმა შეცდომა რამდენიმე წუთში აღმოაჩინა და გაასწორა. შეცდომის მიზეზების დასადგენად ძიება მიმდინარეობს .
აღნიშნული ინციდენტი მარტის ბოლოს მოხდა, თუმცა ანონიმური წყაროს მეშვეობით მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.
ბანკის განმარტებით, შეცდომით თანხა ევროპის ერთ-ერთ წამყვან საფონდო ბირჟა Eurex-ში გადარიცხა, სადაც Deutsche Bank-ს იპოთეკური ანაგრიში აქვს გახსნილი. აღნიშნულ ბირჟაზე მოქმედ ინვესტორებს დროდადრო მოეთხოვებათ, რომ ანგარიშსწორების უზრუნველყოფის მიზნით, მოქმედ ანგარიშებზე თანხა დაამატონ.
ანალიტიკოსების აზრით, მსგავსი გადაცდომა უარყოფითად აისახება უმსხვილესი გერმანული ბანკის იმიჯზე, რომელსაც 2014 წლის შემდეგ მოგება აღარ დაუფიქსირებია და რომლის აქციებიც 2015 წლის შემდეგ 50 პროცენტით გაუფასურდა.