ფოთში არასრულწლოვანმა ტკბილეულის ნაცვლად ქიმიური ნივთიერება „კროტი“ შეჭამა
ფოთში არასრულწლოვანმა ტკბილეულის ნაცვლად ქიმიური ნივთიერება „კროტი“ შეჭამა

ფოთში არასრულწლოვანმა ქიმიური საწმენდი ნივთიერება „კროტი“ შეჭამა.

არასრულწლოვანი ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მწვავე ინტოქსიკაციით მიიყვანეს. ოჯახის გადაწყვეტილებით, პაციენტი იაშვილის სახელობის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ბებიამ ექვსი წლის შვილიშვილისთვის „ბევრილ ჯგუფის“ მაღაზიაში ტკბილეული შეიძინა, თუმცა  გამყიდველს შეფუთვა შეეშალა და ქალს სადეზინფექციო ნივთიერება „კროტის“ გრანულები მიჰყიდა.

,,არ ვიცი ბებიას შეეშალა თუ მაღაზიის გამყიდველს. ბავშვს ნივთიერება არ გადაუყლაპია, პირში ჩაიდო თუ არა, მთლიანად დაეწვა პირის ღრუ. ენა დანით ათლილივით აქვს“, – განუცხადა ჟურნალისტებს მოზარდის მეზობელმა.

„ბევრილ ჯგუფში“ ამბობენ, რომ შეცდომა როგორც გამყიდველის, ისე ბებიის ბრალიცაა.

„ეს ადამიანური შეცდომაა, რომელიც გამყიდველს მოუვიდა, მაგრამ ბებიაც არ დააკვირდა, რას ყიდულობდა“, – აცხადებენ კომპანიაში.

მოზარდი იაშვილის სახელობის კლინიკაში მკურნალობს.