გერმანიის თავდაცვის მინისტრი რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს
გერმანიის თავდაცვის მინისტრი რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს

გერმანიის თავდაცვის მინისტრი რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„ყოველთვის ვამბობდი, რომ „ჩრდილოეთი ნაკადი-2“ ჩემი საყვარელი პროექტი ნამდვილად არ გახლავთ. მე ყოველთვის მესმოდა, რომ ამ შემთხვევაში აუცილებელი იყო ცენტრალური ევროპისა და უკრაინის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინება“, – განაცხადა ანაგრეტ კრამპ-კარენბაუერმა.

მისივე თქმით, გერმანიის ნაბიჯები დამოკიდებული იქნება მოსკოვის ქმედებებზე. კარენბაუერის განცხადებით, ქიმიური იარაღის გამოყენება სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს.

„ევროპა და მსოფლიო პასუხებს ელოდება“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.

მანამდე, რუსი ოპოზიციონერის მოწამვლის საქმე და გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ერთმანეთს დაუკავშირეს გერმანიის საგარეო საქმეთა და ჯანდაცვის მინისტრებმაც. როგორც გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ჰაიკო მაასი ამბობს, ყველაფერი დამოკიდებული იქნება მოსკოვის რეაქციაზე და ამ ინციდენტის გამოძიებაში ჩართულობაზე.

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის იენს შპანის თქმით კი, „არ არსებობს ეკონომიკური საკითხები, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საგარეოპოლიტიკური და ევროპაში უსაფრთხოების ინტერესები“.

შეგახსენებთ, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 20 აგვისტოს მოწამლეს. ის ამჟამად ბერლინის კლინიკაში იმყოფება. გერმანელი ექსპერტების თქმით, ნავალნი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკის“ ტიპის ქიმიური შხამით მოწამლეს. გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ამ საქმეში რუსეთის ხელისუფლების მონაწილეობის დამადასტურებელი საბუთები არსებობს. ბერლინმა მოსკოვისგან გამოძიებაში ჩართვა და წარმოშობით კითხვებზე პასუხის გაცემა მოითხოვა.

„ჩრდილოეთის ნაკადი-2“-მა ბალტიის ზღვის ფსკერზე უნდა გაიაროს. იმ ქვეყნებმა, რომელთა ტერიტორიულ წყლებში უნდა გაიაროს გაზსადენმა (შვედეთი, ფინეთი, გერმანია, დანია) შესაბამისი ნებართვა უკვე გასცეს.

აშშ და ევროპის ქვეყნების ნაწილი რუსული გაზსადენის გაყვანის წინააღმდეგი არიან, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს რუსეთის ბუნებრივ აირზე ევროპის დამოკიდებულებას გაზრდის.

დატოვე კომენტარი